"პოლიციელს ვკითხე ჩემს მეგობარს რატომ აკავებ-თქო, შემდეგ დამაგდეს ძირს და მეც დამაკავეს" - დათა ქაშიაშვილი
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი 24 ივლისაის ღამეს აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს, ჟურნალისტებთან ყვება, როგორ გამოესარჩლა მის მეგობარს, რის შემდეგაც პოლიციამ ისიც დააკავა.
დათა ქაშიაშვილი პოლიციელების მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს, ასევე აცხადებს, რომ დაკავების მანქანასთან მისულს უკვე დაზიანებები ჰქონდა.
- მოსამართლე ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის პროცესი გადადო
ბრალს მიყენებენ, რომ არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ ბრძანებას. ეს არის აბსურდი, როდესაც ჩემს მეგობარს აკავებდნენ, პოლიციელს ვეკითხებოდი - რატომ აკავებ-თქო, შემდეგ დამაგდეს ძირს და მეც დამაკავეს. რაც შეეხება დაკავების პროცესს, არ ვიცი კადრებში ჩანს თუ არა, მაგრამ მივყვები ჩვეულებრივად, არც ვეჯაჯგურები, არც არაფერი, მაგრამ მაინც ჩალურჯებებით მივედი მანქანამდე. იყო პროვოკაციული სიტყვები, რომ ასე ვთქვათ, საბაბი მიეცათ, რომ მე რაღაცა მექნა და შემდეგ ჩემთვის უფრო მძიმე ბრალი წაეყენებინათ, მაგრამ მე პროვოკაციებს არ ავყევი. იყო თმაზე ხელსი ჯაჯგური და ა.შ. პოლიციელი, ვინც იძახის, რომ დამაკავა და უშუალოდ დამიწერა დაკავების ოქმი, არც იმყოფებოდა იქ, როდესაც მე მაკავებდა, უბრალოდ მინი-ვენში დამხვდა და ამ ოქმს წერდა უფროსის კარნახით. არც ოჯახთან დამარეკინეს, ვერ ვუთხარი ოჯახს, რომ დამაკაცეს", - ამბობს დათა ქაშიაშვილი.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.