ბოკუჩავა: არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი და არცერთი სხვა პოლიტპატიმარი არ მოიხდის იმ პოლიტიკურ მსჯავრს, რომელიც სისტემამ გამოიტანა
“ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე გიგაურს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არც ის და არც ერთი პოლიტიკური ტყვე არ შეუშინდება და იბრძოლებს რეჟიმის დასასრულებლად”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქალაქო სასამართლოსთან განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი და არცერთი სხვა პოლიტპატიმარი არ მოიხდის "იმ პოლიტიკურ ბრალს, რომელიც სისტემამ გამოიტანა".
“რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაც თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებე ნაჭყებიამ, მოსამართლედ წოდებულმა, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და ორი წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენი ქვეყნის და ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა, ბორკილებდადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა და ეს ბატონი გაბუნია შემდეგ უკვე ცრუ მოწმედ გამოიყვანეს. ასე თეთრი ძაფით არის ნაკერი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი და არცერთი სხვა არ მოიხდის იმ პოლიტიკურ ბრალს, რომელიც გამოიტანა სისტემამ, რადგან გაცილებით უფრო მალე დაემხობა ეს ძალადობრივი უსამართლო სისტემა, რომელიც რუსეთის ანალოგზეა აწყობილი და ცდილობს უსამართლობის ბასტიონად ქცეული მართლმსაჯულების გამოყენებით გააჩუმოს და შეაშინოს ადამიანები. დღეს ანატოლის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ არ შეშინდება და არ შეშინდება არცერთი პოლიტიკური ტყვე და იბრძოლებენ რეჟიმის დასასრულებლად.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.
- რას ითვალისიწინებს 353 მუხლის პირველი ნაწილი: პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.