"პირველი დადასტურება მოვისმინეთ" - ბაჩიაშვილის ადვოკატები კახა კალაძის განცხადებაზე გამოძიებას ითხოვენ
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატები კახა კალაძის განცხადებას ეხმიანებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა, რაც სუს-ის ვერსიას სრულიად ეწინააღმდეგება.
- „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა.
- ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე უფლებადამცველებმა პროკურატურას ვრცელი განცხადებით მიმართეს და ყველა ფაქტის დადგენა მოითხოვეს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა საქმით კახა კალაძის განცხადების შემდეგ მაინც დაინტერესდება.
პირველივე წამიდან ბაჩიაშვილი აცხადებდა და ჩვენ ადვოკატებიც ვაკეთებდით კომენტარს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ჩამოყვანილი საზღვარგარეთიდან. შესაბამისად ჩვენ ძალიან დეტალური განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება და ყველა ფაქტის დადგენა.
ამასთან ერთად ჩვენ განცხადებით მივმართეთ არაერთ ორგანიზაციას და ვითხოვდით კამერის ჩანაწერების შენახვას, მათ შორის აეროპორტს და "აირზენას".
იმედია დღევანდელი განცხადების შემდეგ მაინც დაინტერესდება პროკურატურა და უფრო მეტი ნათელი მოეფინება ამ ფაქტს," - ამბობს ლევან მახარაშვილი.
ამასთან ბაჩიაშვილის უფლებადამცველის, დავით ჯანდიერის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქართველოში ჩამოყვანა სამართლებრივი სივრცის გარეთ არსებული ოპერაცია იყო და "იძულებითი ჩამოყვანის საფუძველს არ წარმოადგენდა არც დეპორტაცია, არც ექსტრადიცია".
მოცემული ინფორმაცია არის ხელისუფლების მხრიდან პირველად დადასტურება იმის, რასაც გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა ამდენი ხნის განმავლობაში. ეს წარმოადგენს სერიოზულ ინფორმაციას, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება მოხდა რეალურად უცხო ქვეყნიდან და მისი ჩამოყვანა არ იყო დაკავშირებული მის ნებასთან და ამ იძულებითი ჩამოყვანის საფუძველს არ წარმოადგენდა არც დეპორტაცია, არც ექსტრადიცია.
ეს იყო სამართლებრივი სივრცის გარეთ არსებული ოპერაცია, ისეთივე სამართლებრივი სივრცის გარეთ არსებული ოპერაცია, როგორი ოპერაციაც არის ის სასამართლო პროცესები, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ მიმდინარეობს," - დავით ჯანდიერი.
ბაჩიაშვილის თქმით, „აირზენას“ ბორტზე იმყოფებოდა სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილიც.
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები ბიზნესმენის "გატაცების" და საქართველოში უკანონო გზით ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას რამდენიმე თვეა ითხოვენ.