დაპირებების ნაცვლად, ომით დაშინების პოლიტიკა - სპეციალისტები "ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიას აფასებენ

13.08.25 17:36
დაპირებების ნაცვლად, ომით დაშინების პოლიტიკა  - სპეციალისტები  "ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიას აფასებენ

ივანიშვილის გუნდის მიერ, საარჩევნო კლიპში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ჩვენებას სპეციალისტები ეხმიანებიან და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებების ნაცვლად მოქალაქეებთან ომით დაშინების პოლიტიკას იყენებს. 

კომუნიკაციის სპეციალისტი, თინათინ სტამბოლიშვილი აღნიშნავს, რომ დღესაც, ადგილობრივი არჩევნების წინ ისევ ამაზე აქცენტის გაკეთება არის "პასუხი იმ ქაოსის, არეულობის, განუკითხაობის, რაც ვითარდება სწორედ მათი ამომრჩევლებისთვის". 

ამ თემის შემოტანა კვლავ, ერთი ალბათ, სავარაუდოდ, არის ის რომ უფრო მეტი წონა შესძინოს თავად ამ არჩევნებს და მეორე, რაც უფრო სავარაუდოდ შეიძლება ჩანდეს აქედან, რომ საპარლამენტო არჩევნებისგან, 2024 წლისგან განსხვავებით, დღეს უკვე არის სრულიად სხვა მდგომარეობა და სიტუაცია, რადიკალურად სხვა მდგომარეობა და თუ მაშინ ვთქვათ სტატუს კვოს ამომრჩეველს ესაუბრებოდა "ქართული ოცნება" და სურდა, რომ ამაზე გაეკეთებინა აქცენტი დღეს უკვე იმდენი რამ მოხდა, რომ თავად მისი ამომრჩეველიც ამჩნევს, რომ ყველაფერი ისე "დალაგებული" არ არის და სწორედ მათთვის ძალიან ბევრი რამე აირია. 

ამიტომ ამ მესიჯს, ომის დაპირისპირება მშვიდობასთან, შესაძლოა ჰქონდეს ეს კონოტაციც, რომ ყველაფერი ისევ დალაგდება. ზოგადად, ამომრჩევლებში ძალიან წინ წამოწეულია უსაფრთხოების თემა და რუსეთის, როგორც საფრთხის თემა, ეს რასაკვირველია დღემდე რჩება. მაგრამ ის, რომ დღესაც ადგილობრივ არჩევნებში ამაზე აკეთებენ აქცენტს ეს არის, ჩემი აზრით, პასუხი იმ ქაოსის, არეულობის, განუკითხაობის, რაც ვითარდება სწორედ მათი ამომრჩევლებისთვის, რადგან ეს კამპანიაც ხომ "ოცნების" ამომრჩეველს ელაპარაკება," - ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გუნდის კამპანიაში "სენსიტიური თემის გამოყენება" და ამით მანიპულირება "ქართული ოცნების" პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მეთოდია. 

ეს არის ყურადღების გადატანის მეთოდი "ქართული ოცნების" პრობლემებიდან, ის იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და ცდილობს თავი იმართლოს საკუთარი შეცდომების გამო საზოგადოების წინაშე სენსიტიური თემების მანიპულირებით. 

თუ ადამიანებს ყოველდღე გაუმეორებთ, რომ იქნება ომი მე თუ არ ვიქნები შეიძლება მათ გარკვეულწილად დაიჯერონ. ეს არის სენსიტიური თემა," -  განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. 

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საიმიჯო კლიპში ერთმანთს "ვაკის პარკის" შადრევანი და რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინის ქალაქები დაუპირისპირა.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის გუნდის მიერ, საარჩევნო კლიპში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ჩვენებას "არამეგობრულ ქმედებას" უწოდებს.  

მსგავსი სიახლეები