ერთ-ერთი დაზარალებული თავად იყო მშენებელი - SMS მტკიცებულება

11.10.21 11:32
ერთ-ერთი დაზარალებული თავად იყო მშენებელი - SMS მტკიცებულება

გამოძიება მიკერძოებულია! - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის, ადვოკატმა, რამინ პაპიძემ, ისაუბრა. 

უფლებადამცველი "პირველებთან" კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული საპროექტო სამუშაოებში უშუალოდ იყო ჩართული.  ანუ მუშები საცხოვრებელი ბინის კედლების ნგრევას ამავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით ახდენდნენ.

არ ვიცი, დაასახელა თუ არა საქმის პროკურორმა ის, რაც მე სასამართლოს დახურულ სხდომაზე ვთქვი. მე არ მინდა, საჯაროდ დავასახელო ის პიროვნება, ამ ეტაპზე პატივს ვცემ მის გრძნობებს.

 გამოძიებას ამოღებული აქვს ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის კუთვნილი მობილური ტელეფონი, სადაც ადამიანს, რომელიც მშენებელია, გადმოგზავნილი აქვს დემონტაჟის პროექტი. დაზარალებული არის მშენებელი. მის მიერ შედგენილი პროექტია და უშუალოდ თვალ-ყურს ადევნებდა სამშენებლო პროცესებს და მისი მითითებით, მუშებზე მითითებების გაცემით, ხორციელდებოდა სამუშაოები, რომელიც იქ განხორციელდა"- განაცხადა ადვოკატმა. 

რამინ პაპიძე ამბობს, რომ გამოძიება აღნიშნული მიმოწერის შესახებ ინფორმირებულია. უფლებადამცველი მტკიცებულების საქმისთვის დართვას ითხოვს. 

დაკავებულების ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

საქართველოს პროკურატურამ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ პირველი სართულის ბინის მეპატრონეს და ორ მუშას ბრალდება გუშინ წარუდგინა. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ  9 ადამიანია გარდაცვლილი, ამ დრომდე მძიმეა ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცის მდგომარეობა.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

კორპუსი ბათუმში, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

უმძიმესი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მსგავსი სიახლეები