"მინდა ანომალიაზე გავამახვილო ყურადღება" - ეკონომისტები უმუშევართა რაოდენობის გაზრდაზე საუბრობენ
საქართველოში უმუშევრობის გაზრდის შესახებ, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას ეკონომისტები ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ანომალიაა ფურცელზე ეკონომიკა იზრდებოდეს და ამავდროულად უმუშევრობის დონეც მზარდი იყოს.
ეკონომისტის, სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, 13-14%-იანი უმუშევრობა ისედაც არაა საამაყო. მისი თქმით, "ქართული ოცხნების" განცხადებები, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, რეალობას ვერ ასახავს.
ეს ე.წ. ხელისუფლება ამაყობს ხოლმე, რომ უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე და ა.შ.. სინამდვილეში, ეს რიცხვები რეალობას ვერ ასახავს. ჯერ ერთი, 13-14%-იან უმუშევრობაზე და მეტზე რომ ვსაუბრობთ რანაირად შეიძლება ეგ იყოს საამაყო.
მაინც მნიშვნელოვანია, რომ თუ თვითონ დასაქმებულების რაოდენობას, უმუშევრების რაოდენობას გავყვეთ სამუშაო ძალას რა ემართება იმიტომ, რომ ჩვენ ოფიციალური სტატისტიკებით გვაქვს საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზრდა, ამას უნდა მოჰყვეს წესით დასაქმების ბუმი. ჩვენ კი ვხედავთ შემცირებას ოფიციალურ სტატისტიკაში უმუშევრობის, მაგრამ არ არის ეს დიდი ზრდა დასაქმებაში.
ამიტომ ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ ყველაფერზე მოქმედებს და კიდე დასაკვირვებელია გრძელვადიან პერიოდში," - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ საქსტატის სტატისტიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან ვირტუალურია და რეალურ ეკონომიკას არ ეხება.
ეკონომისტი განმარტავს, რომ ეკონომიკა შენელდა წინა წელთან შედარებით და შესაბამისად პირველ რიგში თვითდასაქმებულებზე აისახა.
მინდა ანომალიაზე გავამახვილო ყურადღება-ჩვენი ეკონომიკა მე-2 კვარტალში გაიზარდა 7.1%-ით და ამ დროს საქართველოში უმუშევრობაც გაიზარდა წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.
კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ეს სტატისტიკა, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან ვირტუალურია და რეალურ ეკონომიკას არ ეხება.
გაიზარდა უმუშევრობა თვითდასაქმებულებში, რაც ასევე კარგად ხსნის, რა ხდება ეკონომიკაში. რეალური ეკონომიკა შენელდა წინა წელთან შედარებით და როგორც ხდება ხოლმე, პირველ რიგში აისახება თვითდასაქმებულებზე, რაც კარგად ხსნის იმას, რასაც წესით ვხედავთ უკვე, რომ რეალური ეკონომიკური აქტივობა შენელებულია და შრომის ბაზარი ამ გადახურების შემდეგ, უკანასკნელ 2 წელიწადში, ერთ დონეზე არის. მაგრამ უმუშევრობა იზრდება, რადგანაც თვითდასაქმებულების რაოდენობა მცირდება," - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.% შეადგინა.