რატომ შენდება თბილისში ახალი სტადიონი? - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ "ოცნება" "დინამოს" და "ლოკომოტივის" დანგრევას გეგმავდეს
რატომ შენდება თბილისში ახალი სტადიონი? ოპოზიცია ვარაუდობს, რომ "ქართულ ოცნებას" "დინამოს" ან "ლოკომოტივის" სტადიონის დანგრევა უნდა და ამ ტერიტორიების კერძო კომპანიებისთვის გადაცემა. "ოცნების" ოპონენტები ფიქრობენ, რომ, დიდი ალბათობით, ამ ლოკაციებზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
ისინი რას ამბობენ? რომ ჩვენ ახლა ახალს ავაშენებთ. რატომ? იმიტომ, რომ "დინამო" ავარიულია. იცით, რა? დინამოზე, შეიძლება, კორპუსები ავაშენოთ, წავართვათ კერძო მფლობელს, ამ მიმართულებით წავიდეთ, იმიტომ, რომ მათ ეს განცხადებები გაუკეთებიათ, "ამორტიზიებულია", "არ ვარგა". ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი შეიძლება, ქოჩორა კობახიძემ დაანგრიოს. ასეთი მიზნები შეიძლება ამოძრავებდეს და მეორე, არ გამოვრიცავ, რომ მაგალითად, "ლოკომოტივს" უმიზნებდნენ, იმიტომ, რომ ვაკეში შეიძლება, ბევრი კორპუსი ააშენონ. კითხვა არის ახლა ხელისუფებასთან, თქვენ ვერაფერს ააშენებთ, არაფრის ამშენებლები ხართ, რას აპირებთ? ასე აპირებთ, რომ დაანგრიოთ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი თუ ლოკომოტივი? ეს კითხვაა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც თბილისში 10 ათასი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, მილიარდი ლარის ახალ სტადიონში დახარჯვა დანაშაულია. ამასთან, ოპოზიციონერი არც კორუფციულ სქემას გამორიცხავს.
იმ ვითარებაში, სადაც 10 ათასი ავარიული სახლია და ადამიანები არიან ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, ამ დროს მილიარდი ლარი გადაიხადო ახალ სტადიონში, იმის ნაცვლად, რომ ძველის რეაბილიტაცია გააკეთო, არის წარმოუდგენელი დანაშაული თბილისელების მიმართ. ამის უკან, დიდი შანსია, რომ დგას კორუფციული ინტერესები, რომ შეძლონ ახალი ფინანსების მოპარვა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ამავე აზრს იზიარებს გიორგი შარაშიძე. მისი თქმით, "ოცნება" მოსწრებაზეა, რომ რაც შეიძლება მეტი კორუფციით მოტივირებული კონტრაქტი დაიტოვოს შემდეგი 4 წლისთვის.
"ოცნება" არის მოსწრებაზე, რაც შეიძლება მეტი კორუფციით მოტივირებული კონტრაქტი დაიტოვოს შემდეგი 4 წლისთვის. რა თქმა უნდა, ამ სტადიონზე ლამის მილიარდი ლარის დახარჯვა არც აუცილებლობაა და არც პრიორიტეტი. იმ პირობებში, როდესაც ავარიული სახლები თავზე გვენგრევა და ათასი პრობლემაა თბილისში, გასაგებია, რომ ახალი სტადიონის აშენება ნამდვილად ვერ ჩაითვლება პრიორიტეტად, - ამბობს გიორგი შარაშიძე.
კორუფციის მკვლევარები კი ამბობენ, რომ ახალი სტადიონი სახელმწიფო ბალანსზე იქნება, შესაბამისად, თვლიან, რომ კონკურენცია აღარ იარსებებს და ყველა საფეხბურთო ტურნირი სწორედ ამ სტადიონზე ჩატარდება. აქედან გამომდინარე, მათი თქმით, კერძო მფლობელებს არსებული სტადიონების შენახვა გაუჭირდებათ, ეს კი სახელმწიფოს მხრიდან მავნებლობა იქნება.
- "ქართული ოცნება" თბილისში უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენება გეგმავს.
- კორუფციის მკვლევარების თქმით, ბიუჯეტიდან სტადიონის ასაშენებლად, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 876 მილიონი, ანუ ლამის ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.