"მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ სინდისის პატიმრები სხდომათა დარბაზიდან" - ადვოკატები 8 პირის პროცესზე

25.08.25 15:36
"მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ სინდისის პატიმრები სხდომათა დარბაზიდან" - ადვოკატები 8 პირის პროცესზე

"მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ სინდისის პატიმრები სხდომათა დარბაზიდან" - ამ სიტყვებით მიმართეს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილს, დღევანდელ პროცესზე, 8 პირის ადვოკატებმა. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. აქციის რვა მონაწილეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, თუმცა ყველა ადვოკატი, დღეს, დასკვნით სიტყვაში მიუთითებს, რომ გამოძიებას არ აქვს არცერთი პირდაპირი სამხილი, რომელიც ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებს. 

ვეფხია კასრაძის ადვოკატის გოგა სამუშაიას განცხადებით, საქმეში 2-წუთიანი ამოჭრილი კადრი დევს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას არ შეიცავს. 

მისი თქმით, კადრებში 10 ადამიანის სახე ჩანს, თუმცა მათი ვინაობა დადგენილი არაა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ვიდეო კადრები ძველი გადაღებული და დამონტაჟებულია, მისი ავთენტურობის დადგენა კი გამოძიების ინტერესებში არ იყო. 

საქმეში დევს 2-წუთიანი ამოჭრილი კადრი, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას. გვაქვს საუბარი, რომელსაც არანაირი ქმედება არ მოჰყოლია და საუბარი არც კი ეხება აქციის ტერიტორიაზე რაიმე ქმედების განხორციელებას. ამ კადრებით სახეზე არ გვაქვს არათუ დამთავრებული დანაშაული, არამედ დანაშაულის მომზადებაც კი, ვინაიდან მომზადებისთვის აუცილებელი პირობაა დანაშაულის ჩადენისთვის პირობის შექმნა, რაც რაიმე მოქმედებით უნდა იყოს გამოხატული. 

არ არის დადგენილი როდის შეიქმნა ეს ვიდეო, კადრებში ნათლად ჩანს დაახლოებით ათი ადამიანის სახე. მათი ვინაობა დადგენილი არააა. 

არაა ამოღებული რუსთაველის გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, რითაც დროსა და ადგილს დაადასტურებდნენ. 

გამოძიებამ ესეც არ გააკეთა, ვინაიდან ეს ვიდეოკადრები არის ძველი გადაღებული კადრებიდან დამონტაჟებული და მისი ავთენტურობის დადგენა არ იყო გამძიების ინტერესში. 

თუ იმას ვერ ვადგენთ რომელ აქციაზეა გადაღებული კადრები, შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ კონკრეტულ აქციაზე ახდენდა ვეფხია კასრაძე ძალადობის ორგანიზებას აბსურდულია. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მხოლოდ წინა წლის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა," - განაცხადა გოგა სამუშიამ. 

უფლებადამცველის, არჩილ ჭავჭანიძის განმარტებით, გამძიებას ვეფხია კასრაძის ბინის ჩხრეკა არ ჩაუტარებია მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს შინაარსის თანახმად, "მას რაღაც უნდა აეფეთქებინა, ნავთი უნდა მიესხა და ასანთი მიეგდო და ა.შ..", თუმცა ადვოკატის თქმით, გამოძიებას არ უცდია ამის დამადასტურებელი ნივთიერი მტკიცებულებები მოეგროვებინა ან მცდელობა მაინც ჰქონოდა.

ასევე, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით საქმეში არსებული ვიდეო გატიტრულია, ტიტრები და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა [ასინქრონია] ამის მიუხედავად, გამომძიებლებს არ მოუვიდათ აზრად დაენიშნათ ექსპერტიზა და გაერკვიათ, იყო თუ არა ეს ვიდეო დამონტაჟებული.

სინდისის პატიმრის მესამე ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, ბრალდებას დასკვნით სიტყვაში არსერთი ადამიანის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, რომლლის ქმედებასაც ვეფხია კასრაძე აორგანიზებდა. უფლებადამცველი აღნმიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სახელების დასახელება არ დავიწყებია, უბრალოდ ასეთი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან ბრალდებულს ჯგუფური მოქმედება არ განუხორციელებია. 

ჩვენ რა უნდა შევაჯამოთ? რა არის შესაჯამებელი? ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება, არგუმენტი, რატომ მიიჩნევენ კასრაძეს დამნაშავედ, შესაბამისად გვიწევს არარსებულ მტკიცებულებებზე საუბარი. რამდენიც არ უნდა ვაჯამოთ ნული, ნული დარჩება ნოლად. 

ამ კაცს აბრალებთ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორია, დამისახელეთ ერთი სახელი და გვარი იმ ადამიანისა იმ ჯგუფისა, რომლის ქმედებასაც ვეფხია კასრაძე აორგანიზებდა, ვინ არიან ჯგუფის წევრები? ბრალდების დასკვნითი სიტყვიდან ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გავიგეთ? - არა, რატომ გამორჩა ბრალდებას, იყო და დაავიწყდა აღნიშვნა? იმიტომ ვერ მოვისმინეთ, რომ ასეთი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს და ვერ იარსებებს იმიტომ, რომ ამ ადამიანს ჯგუფური მოქმედება არ განუხორციელებია," - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

ვეფხია კასრაძის ადვოკატებამდე სასამართლოს ინსაფ ალიევის უფლებადამცველმაც მიმართა

შესვენების შემდეგ დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ: ნინო ლომინაძე, თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი; შოთა თუთბერიძე, გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი; რევაზ აჭარაძე, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი. 

  • დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

[ფოტო: არქივიდან]