ვინ ფლობს შენობას ვაგზალზე, რომელიც დღეს დაიწვა
შენობას, რომელიც დღეს ვაგზლის მოედანზე დაიწვა, რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის მსხვილი ფართების მფლობელები არიან კომპანიები „ბიზნეს პარტნიორი“ და „მერედი“. პირველი კომპანია ქეთევან ფხაკაძის საკუთრებაა, ხოლო მეორე - თამაზ ბერიძის.
"პირველები" დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა შენობის მეპატრონეებს დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და წესრიგში იყო თუ არა ელექტროგაყვანილობის სისტემა.
"პირველებმა" თამაზ ბერიძის ოჯახთან დაკავშირება შეძლო, თუმცა მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როდის შემოწმდა შენობაში ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერს არ ჰქონდა. კახა კალაძემ მომხდარის შესახებ სწორედ "პირველებისგან" შეიტყო.
არ ვიცი ეს შენობა კერძო საკუთრებაა, რა არის. გავერკვევით და ხვალ თუ დამისვამთ შეკითხვებს - გიპასუხებთ, - ამბობს კახა კალაძე.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ხანძარი შესაძლოა, ვიღაცამ განზრახ გააჩინა, კალაძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია "ჭორს" ჰგავს.
სისულელე მგონია, ხშირად ხდება ხოლმე ამ ტიპის ჭორების და ინფორმაციის გავრცელება, - ამბობს კალაძე.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ფიქრობენ, რომ ვაგზლის მოედანზე ხანძრებს მიზანმიმართულად აჩენენ.
რაღა უნდა იფიქროს კაცმა? ლამის თვეზე არ გავა, რომ ვაგზლის მიდამოში ხანძარი არ გაჩნდეს. კი, დამთხვევების მჯერა, მაგრამ რაღაცაშია საქმე. ასე უცბად, მოულოდნელად გაჩნდება, მერე ისევ გაჩნდება, ვიღაც ვაგზალს უშნოდ უტრიალებს, ვიღაცას ვაგზლის ინტერესი აქვს. შეიძლება, რომ ორ თვეში ერთხელ თვეში ერთხელ ვაგზალზე, ერთი და იგივე არელაში ჩნდებოდეს ხანძარი?, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცეცხლი ოთხსართულიან შენობაში დილის 6 საათზე გაჩნდა. პირველადი ვერსიით, ადგილზე ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართავობის გამო გაჩნდა. აალება გვერდით მდებარე შენობაზეც გადავიდა. დამწვარია ათობით მაღაზია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე-მაშველი 4 საათის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ეს ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის მესამე შემთხვევაა. წლების განმავლობაში აქ დაიწვა „ბავშვთა სამყარო“, შემდეგ ბორჯომის ვაგზალი, და ახლა სურსათისა და საოჯახო ქიმიკატების ბაზრობა.