"უმძიმეს შემოდგომას დავუყენებთ" - სხვიტარიძის დედა შვილის წამების საქმეზე გამოძიებას ითხოვს
ნიკა კაციას და გიორგი ახობაძის შემდეგ საბა სხვიტარიძის ოჯახიც აანონსებს, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, რათა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომლებმაც სინდისის პატიმარი იზოლატორში აწამეს.
საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე ამბობს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს, რაც ძალადობის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს.
გამეფებულია დაუსჯელობის, თუნდაც საბას სიტუაციაში. აწამეს და არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. ჩემს შვილს პირადად დაზარალებულის სტატუსი აქვს ანუ ფაქტია, თვითონვე აღიარეს. მაშინ გამოძიება დაიწყონ და დასაჯონ თითოეული. უმძიმესი შემოდგომა დაუდგებათ, უმძიმეს შემოდგომას დავუყენებთ, ვიდრე არ ვიპოვით სამართალს. საქართველო ხომ გვაქვს ასატავისუფლებული, მაგრამ სამართალიც საპოვნელია და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენა ახობაძე.
საბა სხვიტარიძის საქმეზე საუბრობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძეც, რომელიც ყურადღებას არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებულ შემთხვევაზე ამახვლებს.
საბას საქმე იყო ერთ-ერთი, როდესაც მათ შორის ასეთი წამების, არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაციას ეხებოდა არა მხოლოდ... ჩვენ ვიცით, რომ წამების პრაქტიკა ეხებოდა ხოლმე ძირითადად დაკავებისას და არა უშუალოდ განყოფილებაში და ეს იყო ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული შემთხვევა, როდესაც საბა საუბრობდა სწორედ განყოფილებაში, გამოძიების წინაშე მომხდარ არასატანადო მოპყრობის გარემოებებზე და ეს საქმეც ამ დრომდე არ არის გამოძიებული, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, რომ უდანაშაულოდ გამოცხადებული ნიკა კაცია ახალ ბრძოლას აანონსებს. ჟურნალისტი, რომელიც გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ძალოვანი, რომელიც მის საქმეში ფიგურირებდა.