ხაბეიშვილი: ჯანგველაძის მკვლელობა ივანიშვილის, სუს-ისა და გომელაურის გარეშე ვერ მოხდებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ბიძინა ივანიშვილის, სუს-ის და ყოფილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გარეშე ვერასდროს განხორციელდებოდა და "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან დღევანდელი ნაბიჯები მხოლოდ იმიტაციაა. მისი თქმით, ივანიშვილი ვერ აღძრავს საქმეებს ლილუაშვილზე, ფარცხალაძეზე და გომელაურზე, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილი საერთოდ ქვეყნიდან არის გასული.
გაგვცენ პასუხი, თუ სუსი არაფერ შუაში იყო, შს მინისტრი არაფერ შუაში იყო, აბა, ამ ხალხმა როგორ გააკეთა, როგორ დააორგანიზეს ეს ყველაფერი თავისი ფრენების დაზუსტებით, მერე ვინც შემოიყვანა ქვეყანაში, როგორ დახვდნენ, როგორ დააორგანიზეს? ეს არ მოხდებოდა ბიძინას, სუსის და გომელაურის გარეშე. და ბიძინა ახლა ვერ ამტკიცებს, ამბობს, რომ ვითომ იჭერს ვინმეს და ვინ დაიჭირა? ნახევარზე მეტს მისცა შესაძლებლობა, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და მეორე, ვერ აღძრა საქმე ლილუაშვილზე, ფარცხალაძეზე და გომელაურზე. მთავარი ხომ ეს არის? ამათ გარეშე ვერაფერი მოხდებოდა და ამიტომ, ეს იმიტაცია, რომ თითქოს რაღაცას აკეთებს, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საზოგადოებასაც ნაცარი შეაყარონ და მათ შორის, მოკლულის ოჯახსაც, - ამბობს ხაბეიშვილი.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გვარი პირველად გაჩნდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში. „შაბათის ეთერის“ გამოძიებით, ოპერატიულ პატაკში წერია, რომ მკვლელობა ფარცხალაძესა და მიქაძეებს უკავშირდება და თანხა — 5 მილიონი დოლარი — მათ „დედ ჰასანის“ შვილიშვილისგან მიიღეს. საქმეში ფიგურირებს ბიზნეს დაპირისპირებაც (ტვირთების გადაზიდვა რუსეთში). „ოქროს მოწმე“ მიხეილ ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ ფარცხალაძესა და ჯანგველაძეს მეგობრობა ჰქონდათ, თუმცა კონფლიქტი მკვლელობამდე ოთხი თვით ადრე დაიწყო.
გარდა ამისა, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, საქმის ახალ მასალებში დევს ვიდეოები, საიდანაც ირკვევა, რომ გელა უძილაური, მკვლელობაში ბრალდებული ქილერი, ოფიციალური ძებნის პირობებში თბილისის პროკურატურიდან 200 მეტრში მდებარე სასტუმრო „თბილისი თაუერსში“ ცხოვრობდა. ჩანაწერებში ჩანს, რომ ის სასტუმროში თავისუფლად გადაადგილდებოდა და პერსონალთან ურთიერთობდა. სასტუმრო, სადაც, სავარაუდოდ, მკვლელობა დაიგეგმა და სადაც ქილერი თავს აფარებდა, ეკუთვნის ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონს — ვასილ ობოლაშვილს.