ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მივიდა - პროცესი გადაიდო
სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, მოსამართლემ წაიკითხა პენიტენციურიდან წარმოდგენილი ცნობაც ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზზე.
საქმის განხილვა 17 სექტემბერს 15:00 საათზე გაგრძელდება. შესაბამისი შუამდგომლობად პედაგოგის ადვოკატებმა დააყენეს.
სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი, თამარ გაბოძე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს და სასამართლოს, დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საპატიმროში ყოფნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაართულებდა.
„დადასტურდა ის, რასაც ნინო დათაშვილის ადვოკატები ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და როდესაც პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, მას ევალებოდა, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. დღეს დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოსამართლემ წაიკითხა წერილი, რომელსაც სასჯელაღსრულების მთავარი ექიმი აწერდა ხელს, სადაც ნათქვამია, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმდენად მძიმე, რომ მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ კი, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დავაყენეთ შუამდგომლობა. მისი ინტერესია, რომ თავისი საქმის განხილვაში ჩართული იყოს.
ასევე, უნდა გვემსჯელა ექსპერტიზის დასკვნის დაშვება - არ დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა პროცესი გადაიდო. ეს ექსპერტიზის დასკვნა არის უკანონოდ მოპოვებული“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.