გზის გადაკეტვის საქმე - პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხებიან

09.09.25 13:36
გზის გადაკეტვის საქმე - პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილის და კიდევ ექვსი პირის პროცესი გაიმართება. საქმე 2 თებერვალს  „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციას ეხება, სადაც პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მაგისტრალი გადაკეტეს.

დღეს საქმის არსებითი განხილვა პოლიციელი მოწმეების დაკითხვით დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პროცესზე დასწრებას გიგი უგულავა. ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი მზადაა, სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთოს. 

უგულავას ინტერესების დამცველი ასევე საქმის აბსურდულობაზე საუბრობს ამბობს, რომ საქმეს არც სისხლის სამართლებრივი საფუძველი და არც შინაარსი აქვს. მისი თქმით, "ოცნებამ" ისეთი ხალხი შეარჩია, ვინც რეალურად, გზას არ კეტავდა.

შეარჩიეს ის ხალხი, ვისაც, სინამდვილეში, გზა არ გადაუკეტავს. შეარჩიეს ის ხალხი, ვინც პოლიციის მოწოდების შესაბამისად გადაადგილდებოდა გზაზე და შემდეგ ეს აქციეს სისხლის სამართლის საქმედ. არც სისხლის სამართლებრივი საფუძველი ამ დევნას არ აქვს და არც რაიმე შინაარსი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ ეს თავის დროზე იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოეხდინა პროცესის შეზრუდვა, მოქალაქეებზე განეხორციელებინა რეპრესია. რაც შეეხება გიგის, გიგი თავის არაერთ პროცესს ესწრებოდა. რაც შეეხება ვინ უნდა გამოიკითხოს, ამ საქმეზე პროკურატას მოწმეებად ძირითადად პოლიციელები ჰყავს წარმოდგენილია და ალბათ რომელიმე პოლიციელს მოიყვანენ, - ამბობს ბექა ბასილაია.

რაც შეეხება კოალიცია "ცვლილებისთვის", წევრს დიმიტრი ბიძინაშვილს, ის ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საბოლოოდ სასამართლომ, ეს იქნება "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება. 

სასამართლო პროცესზე რა მოხდება, არავინ იცის, იმიტომ, რომ სასამართლოს შენობა გადაქცეულია პარტიულ კუთვნილებად. "ქართული ოცნება" წყვეტს, პოლიტიკურ საქმეებზე რა განაჩენი უნდა დადგეს და ამის კარგი მაგალითია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა წინა პერიოდში და სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური და შეასრულებენ იმ დაკვეთას, რაც "ქართული ოცნების" ოფისში დაიწერება. ამის მიუხედავად, მე არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ ამას წლებიც რომ დასჭირდეს, - ამბობს ბიძინაშვილი. 

მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძემ აღმაშენებლის ხეივანი, მათ შორის თბილის მოლის მიმდებარე ტერიტორია, იქ აქციის გამართვამდე, 2 თებერვლამდე, 2 დღით ადრე შეიყვანა სტრატეგიული ობიექტების სიაში და კანონში გაწერა, რომ გზის გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეებს დასჯიდა. 

შეგახსენებთ, 5 თებერვალს გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.