ნინო ლომჯარია: მათ იცოდნენ, რომ შეეძლოთ ეცემათ ქალები და არავინ დააკავებდათ, მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია დღემდე

09.09.25 11:21
ნინო ლომჯარია: მათ იცოდნენ, რომ შეეძლოთ ეცემათ ქალები და არავინ დააკავებდათ, მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია დღემდე

"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ შეეძლოთ ქალები ეცემათ და მათ არავინ დააკავებდათ. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მსგავსი პრეცედენტი დღემდე არ გვქონია. მისი თქმით, ისინი პოლიტიკური ძალაუფლებისგან და სამართალდამცავი სისტემისგან "ხელდაფარებული და ზურგგამაგრებული" არიან. 

რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ჰქონდათ გარანტია და თავდაჯერება იმის, რომ მათ არ შეეხებოდნენ. მათ სახეც კი არ ჰქონდათ შენიღბული, ტიტუშკებისგან განსხვავებით, რომლებიც სასიკვდილოდ იმეტებდნენ, გასული წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს. მათ იცოდნენ, რომ შეეძლოთ ეცემათ ქალები და არავინ არ დააკავებდა მათ იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია დღემდე. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ხელდაფარებული და ზურგგამაგრებული პოლიტიკური ძალაუფლებისგან, ხელმძღვანელობისგან და სამართალდამცავი სისტემისგანაც," - ამბობს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.