გიორგი კინოიანის ციხეში "ჰელსინკის კომიტეტის" უფლებადამცველები მოინახულებენ
სომხეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი კინოიანის ციხეში "ჰელსინკის კომიტეტის" უფლებადამცველები მოინახულებენ.
ოჯახს იმედი აქვს, რომ რადგან სასამართლოს პატიმრობის გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში აქვს გამოტანილი, შესაძლოა სომხეთმა ეს გადაწყვეტილება არ აღიაროს, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო სასამართლო არ აღიარებს.
"ერთობის" წევრის, გიორგი ტუმასიანის განცხადებით, მათ გიორგი კინოიანის ოჯახი "ჰელსინკის კომიტეტს" დააკავშირეს. თუმცა ეს არა მათი, არამედ სომხეთში საქართველოს საელჩოს ვალდებულებაა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად არ იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ თანამოქალაქეებს.
ახლა უკვე დავაკავშირეთ ოჯახის წევრები და უფლებადამცველი ორგანიზაციები სომხეთში, ჰელსინკის კომიტეტი კერძოდ, რომელიც გაუწევს უფლებადამცველ ფუნქციას გიორგი კინოიანის ოჯახს. თუმცა ეს არ არის ჩემი, ან ვინმე კონკრეტული პირის ვალდებულება, არამედ არის ჩვენი საელჩოს ვალდებულება, რადგან საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც დაკავებულია და არანაირი მიმართვა მათ არ სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები დაიცვან, როცა საჯაროდ ცნობილი არის რომ ის დაკავებულია.
შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენ საელჩოს სომხეთში უკვე უნდა ჰქონოდათ ეს უფუნქციოა, რომ დაეკავშირებინათ სომეხ უფლებადამცველებთან, ადვოკატის საკითხი მოეგვარებინათ, იმისთვის, რომ მალევე მომხდარიყო გათავისუფლება.
თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად არ იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ეხება რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა ცხადია, რომელიც მათი ვალდებულებების უარყოფას გულისხმობს. ეს ჩვენი დიპლომატიური მისიების ვალდებულებაა, მათ ხელფასს ვუდით ამაში, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლებები უცხოეთში," - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.