ექსკლუზივი: თავდასხმა მელიქიშვილზე - ვინ არიან თავდამსხმელები?
ვინ იყო კახა კალაძის შტაბთან თავდასხმის ორგანიზატორი? - ვიდეომასალის გაშიფრვის შემდეგ დგინდება, რომ აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ თავდასხმელების მობილიზებას ბექა მიგრიაული იწყებს. ეს უკანასკნელი შპს "არმიის" და "საბრძოლო კლუბის" მფლობელი და დირექტორია.
კადებში, რომელიც "პირველებმა" გაშიფრა, ჩანს მიგრიაულის გადაადგილება, ასევე ის, თუ როგორ აგზავნის ტელეფონით შეტყობინებებს, რის შემდეგაც მელიქიშვილის გამზირზე "ოცნების" პარტაქტივი ჩნდება და მალევე იწყება დაპირისპირება.
კადრებში ასევე ჩანს გიორგი შუკვანი, რომელიც შსს-ს თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის პოლიციას არ დაუკავებია და "პირველების" ინფრომაციით, არც განყოფილებაში გამოუკითხავთ.
დაპირისპირების კიდევ ერთ მონაწილე, რომელიც კადრებში ჩანს, არის ომარ გაბრიჩიძე - სეუს-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გაბრიჩიძე აქციებზე ხალხს სტიქაროსნად აცნობს თავს, ამის შემდეგ კი მათზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, გაბრიჩიძე ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შვილია.
ვიდეომასალის გაშიფვრის შედეგად "პირველებმა" ასევე დაადგინა, რომ პირი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გუშინ ღამით ხელკეტებით დარბოდა ირაკლი ბუაჩიძეა - "ოცნების" ახალგაზრული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი. აქციის მონაწილეების თქმით, ბუაჩიძის ძალადობრივი ქმედებები არაერთ აქციაზე უნახავთ.
ასევე იდენტიფიცირებულია "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, კოსტა ობოლაძე, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით გამოირჩევა.
კადრებში ჩანს მერიის თანამშრომელი, კალაძის გუნდის წევრი, ლევან თოფურიძეც, რომელიც ჯებირით უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.