დაარღვევს თუ არა გელა უძილაური დუმილს? - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე არსებით განხილვაზე გადადის

09.09.25 15:50
დაარღვევს თუ არა გელა უძილაური დუმილს? - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე არსებით განხილვაზე გადადის

დაარღვევს თუ არა გელა უძილაური დუმილს და მისცემს თუ არა ჩვენებას ფარცხალაძის გარემოცვის (ძმები მიქაძეები) წინააღდმეგ? - სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის არსებით განხილვას იწყებს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. 

დამძიმებული ბრალის შემდეგ, უვადო მუხლით დაკავებულ გელა უძილაურს პროცესზე დღეს პირველად მიიყვანენ.

  • გამოძიება ამტკიცებს, რომ უძილაურს "კანონიერი ქურდის" ძმის მკველობა შუა თბილისში საქარათველოს ექს პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვამ დაუკევთა - საუბარია ძმებ მიქაძეებზე, რომელთაგან ერთი, გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც უშუალოდ მკვლელობა დაუკვეთა, ინფორმაციას აწვდიდა და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა გელა უძილაურს. 

გელა უძილაურის ლევან ჯანგველაძესთან არანაირი შეხება, არანაირი გადაკვეთა, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. მას მიუთითეს, მას აწვდიდნენ ინფორმაციებს, მას ეხმარებოდნენ ამ დანაშაულის ჩადენაში და მას შეუკვეთეს, რომ უნდა მოეკლა ლევან ჯანგველაძე. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეუკვეთა, მე როგორც დაზარალებულის ადვოკატი, ცალსახად ვაცხადებ, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით არავინ არის პასუხისგებაში მიცემული. რამდენიმე თვის განმავლობაში საქმეზე არ მიმდინარეობდა გამოძიება სწორი მიმართულებით. გამოძიება მიჰყავთ იმისკენ, რომ დამკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და შეერაცხათ, რომ თითქოს გელა უძილაურმა თავად მიიღო  ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება დაიკარგა და უამრავი მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება გახდა შეუძლებელი, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რომ საქმე გამოძიებულ იქნას ეფექტრუად", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ

რამდენიმე დღის წინ, “შაბათის ეთერის“ რეპორტაჟით ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, უძილაური პროკურატურიდან ორას მეტრში, სასტუმრო "თბილისი თაუერსში" ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც მას პოლიცია მთელს ქვეყანაში ეძებდა.

სასტუმრო, სადაც სავარაუდოდ, ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა და შემდეგ ქილერი თავს აფარებდა ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონს, ვასილ ობოლაშვილს ეკუთვნის.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან.

ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.