თაბუკაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლი ინგრევა - ვისი ინტერესები იკვეთება ტერიტორიის მისაკუთრებაში?

09.09.25 16:03
თაბუკაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლი ინგრევა - ვისი ინტერესები იკვეთება ტერიტორიის მისაკუთრებაში?

თაბუკაშვილის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიულ შენობაში მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ შენობის რებილიტაციის პროცესი მიზანმიმართულად არ იწყება. მათი თქმით, ხელისუფლების ინტერესშია შენობის დანგრევა და ტერიტორიის კონკრეტული პირებისთვის გადაცემა.

სახლს მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა ადამიანებს იქ ცხოვრება მაინც უწევთ. 

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თბილისის მერიას და შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, თბილისის მერიამ მათ ქირით გაყვანა და ამაში 500 ლარის გადახდას შესთავაზა. ამის მიუხედავად, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ფასად ისინი სხვა ფართს ვერ ნახავენ. ახლა მოქალაქეები მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ. 

2010-ში ეს სახლი დაინგრა, კუთხე ჩამოინგრა და მას მერე ნახევარი ხალხი გაყვანილია 15 წლიწადია უკვე დროებით ქირით, 500 ლარად. ყველას მივმართავთ და დღემდე არანაირი შემოთავაზება არ არის. ერთადერთი, დღეიდან დროებით გავიდეთ 500 ლარად. ისეთ კუთხეში დგას ეს სახლი, რომ ძალიან ბევრ ხალხს ჩაინაცვლებს  და ძალიან დიდი უბედურება იქნება. ცვივა, კედლები ნელ-ნელა იწევა და დიდი ბზარები ჩნდება და ყოველდღე შიშთ ვიღვიძებთ, - ამბობს ადგილობრივი. 

ადგილობრივ მოსახლეებს დღეს "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად შეხვდა. 

კუპრაძის თქმით, თანხა, რომელიც მერიამ ამ წლების განმავლობაში ქირებში იხადა, სრულად ეყოფოდა აღნიშნული სახლის რეაბილიტაციას.

ნახევარ მილიონამდეა დახარჩული ქირაში, რომელიც, რეალურად, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეს შენობა რეაბილიტირდეს, გამაგრდეს ან ახალი შენობის პოტენციალი გაჩენილიყო ამ სივრცეში. საჭიროა მხოლოდ კომპეტენცია და პოლიტიკური კეთილი ნება იმისთვის, რომ მოქალაქეები ასეთ სახიფათო გარემოში არ ცხოვრობდნენ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ალეკო ელისაშვილი კი ფიქრობს, რომ მერია აღნიშნულ ტერიტორიას სათავისოდ გამოიყენებს.  

500 ლარად წავიდეს და კალაძემ იქირაოს ბინა სადმე. მოიგონეს ყაჩაღური იდეა კალაძემ თავისი მერობის 8 წლის თავზე, რომ ჩანაცვლებას დავიწყებ ძველი შენობებისო. ანუ აქედან ხალხი სრულად უნდა გაიყვანონ, ამ ხალხს ქონება უნდა ჩამოართვან, სადღაც გადაკარგულში, ახალაშენებულში რაღაც მისცენ და უზარმზარ ქონებას ქალაქის ცენტრში დაეპატრონონ. ეს არის სუფთა მძარცველური, - ამბობს ელისაშვილი.