ახალი დეტალი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში - რომელ ქვეყანაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრით გადაადგილდებოდა უძილაური?

09.09.25 17:51
ახალი დეტალი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში - რომელ ქვეყანაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრით გადაადგილდებოდა უძილაური?

ლევან ჯანგველაძის მკველობის შემსრულებელი ისევ დუმილის უფლებას იყენებს - გახმაურებული მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს პროკურატურის შესავალი სიტყვით დაიწყო.

სახელმწიფო ბრალდებას საქმის 22 ტომი აქვს. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სასამართლოს საქმის მასალები ზედაპირულად გააცნო და განაცხადა, რომ მტკიცებულებების გამოკვლების ეტაპზე უფრო დეტალურად ისაუბრებს.

ვეფხვაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ საქმეში "მტკიცებულებათა მთელი კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა, ის არ იცნობდა ლევან ჯანგველაძეს და არანაირი დაპირისპირება მასთან არ ჰქონია".

გელა უძილაურმა პოლონეთში შეძენილი ნომერი გააქტიურა, გამოძიებას მის დასადგენად მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

გასათვალისწინებელია ასევე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც პროკურორმა გაამახვილა ყურადღება - ლევან ვეფხვაძის თქმით, როცა გელა უძილაურმა მკვლელობა განახორციელა და ასევე როცა გადაადგილდებოდა ქარელში, არ ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. პროკურორი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ მას ჰქონდა პოლონეთში რეგისტრირებული ნომერი.

„გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურს შეხვედრა „თბილისი თაუერსში" დაუთქვა, სადაც ძმები მიქაძეები დახვდნენ. გელა უძილაურს მისი თვალთვალი და მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევა დაავალეს....

ლევან ჯანგველაძის თვალთვალიდან მიღებულ ინფორმაციას უძილაური სხვადასხვა საშუალებით, გიორგი ჯოხაძეს, გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე სხვა პირების ინფორმირების მიზნით აწვდიდა ინფორმაციებს.

დავით და გიორგი მიქაძეებმა ჯოხაძის საშუალებით უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია 2025 წლის 14 მარტს ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, უძილაურმა კი მისი მკვლელობის მომზადების სისრულეში მოყვანა დაიწყო...

გელა უძილაურს დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, როდის მივიდოდა ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძეზე, პანაშვიდზე. გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე, შეკვეთით და ანგარებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ჯანგველაძის მიმართ. საქმეში სამედიცინო ექსპერტიზაც წარმოდგენილია, გელა უძილაურს ჭრილობები არამხოლოდ წინიდან, არამედ ზურგიდანაც ჰქონდა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იყო ის მომზადებული და რა მიზანი ჰქონდა - რომ აუცილებლად მოეკლა ლევან ჯანგველაძე. ამის შემდეგ ის შემთხვევის ადგილს ტოვებს ტაქსით, მიდის ვაზისუბანში, შემდეგ კი სხვა ტაქსით ქარელის მიმართულებით მიდის. ამის შემდეგ ის უკვე თავის შველას და მისი დამკვეთი პირის - გიორგი ჯოხაძის ძებნას იწყებს.

გელა უძილაურმა პოლონეთში შეძენილი ნომერი გააქტიურა, გამოძიებას მის დასადგენად მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ტაქსის მძღოლის ჩვენებით, მან უძილაურს ქარელის გზაზე მანქანა შეუჩერა და გარკვეული პერიოდი ის გადასული იყო ავტომანქანიდან, შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა, როგორც ჩანს, თავშესაფარი ვერ ნახა და "თბილისი თაუერსში" დაბრუნდა. ერთ-ერთ ნომერში საინფორმაციოს ყურებას იწყებს, აინტერესებს, ვის ეძებენ, როგორ ეძებენ. ის სასტუმროს ტელეფონიდან და "ვოცაფის" მეშვეობით ჯოხაძეს უკავშირდება, მაგრამ ის არ პასუხობს, შემდეგ კი ჯოხაძის ნათესავთან - მამუკა ბაღდავაძესთან მიდის... მეორე დღეს კვლავ მიდის ბაღდავაძესთან, თუმცა, ის ტერიტორიიდან მიდის. გელა უძილაურის დაკავების დროს, გარდა იმისა რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები გააჩნდა, თან ჰქონდა 17 100 ლარი, სახლიდან კი 2200 ამერიკული დოლარი იქნა ამოღებული. ბატონო მოსამართლევ, ეს არ არის ბრალდების მხარის ვერსია, ეს არის მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებები.

ეს არის საქმე, სადაც არამხოლოდ ინდივიდუალური მტკიცებულებებია, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობაა. ბატონო მოსამართლე, 22 ტომია თქვენ წინაშე წარმოდგენილი და მათგან თითოეულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გელა უძილაურის წინააღმდეგ.

ბატონო მოსამართლე, მთელი მტკიცებულებათა კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა, ის არ იცნობდა ლევან ჯანგველაძეს და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მასთან.

ბატონო მოსამართლევ, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ, გელა უძილაური დამნაშავედ ცნოთ წარდგენილ ბრალდებაში და ჩადენილი ხასიათის, ვითარების, სიმძიმის გამო, მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროთ უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ვეფხვაძემ. (ipn)

პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა სანდრო წივწივაძეზეც, რომელიც ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებშია დაკავებული. მისი საქმე ცალკე არის გამოყოლფილი.  ლევან ვეფხვაძემ დრეს მედიასთან დაადასტურა, რომ "რამდენიმე გამოკითხვა არის სანდრო წივწივაძე".

  • წივწივაძე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით არის დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ, “შაბათის ეთერის“ რეპორტაჟით ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, უძილაური პროკურატურიდან ორას მეტრში, სასტუმრო "თბილისი თაუერსში" ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც მას პოლიცია მთელს ქვეყანაში ეძებდა.

სასტუმრო, სადაც სავარაუდოდ, ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა და შემდეგ ქილერი თავს აფარებდა ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონს, ვასილ ობოლაშვილს ეკუთვნის.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან.

ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.