მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების ქრონოლოგია - "პირველებმა" თავდამსხმელები გაშიფრა
8 სექტემბერს 20:08 საათზე დემონსტრანტებმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახი კალაძის, საარჩევნო შტაბთან შეკრება დაიწყეს. მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს რამდენიმე ავტომობილი, რომელიც აქციის მონაწილეების გადაადგილების ტრაექტორიას აკონტროლებდა.
20:10-ზე, როდესაც აქციის მონაწილეები შტაბთან თითქმის მისულები იყვნენ, ტერიტორიზე დაბურული მინებიანი Toyota-ს მარკის ავტომობილი გაჩერდა, რომლის მგზავრებიც დემონსტრანტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ადგილი წინასწარ იყო დაანონსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულები არ იყვნენ.
20:11-ზე მელიქიშვილის გამზირზე კიდევ ერთი მანქანა გამოჩნდა, საიდანაც შავებში ჩაცმული რამდენიმე პირი გადმოვიდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ხელჩართული ჩხუბი აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ ე.წ. ზონდერ ჯგუფებს შორის.
კადრების დეტალური ანალიზის შემდეგ იდენტიფიცირდა პირი, რომელიც დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა. როგორც „პირველების“ მიერ გაშიფრულ კადრებში ჩანს, დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით ადრე დემონსტრანტებს აკვირდებოდა და ფოტოებს იღებდა უცნობი მოქალაქე. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს იყო ბექა მიგრიაული, რომელიც შავებში ჩაცმული ფიგურირებს კადრებში. ის ტელეფონით შეტყობინებებს აგზავნის, რის შემდეგაც მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ პარტაქტივი ჩნდება და მალევე იწყება დაპირისპირება.
„პირველების“ ინფორმაციით, ბექა მიგრიაული არის „საბრძოლო კლუბის“ თავმჯდომარე, რომლის წევრებიც, გავრცელებული ცნობით, ივანიშვილის გუნდმა აქციების დასაშლელად გამოიყენა.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.