“წამოიღო ხელი და დამარტყა მარცხენა ლოყაში“ - ქეთი ალავერდაშვილი მასზე ძალადობის დეტალებს იხსენებს
ქეთი ალავერდაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც “ქართული ოცნების“ ე.წ. ტიტუშკამ ხელი დაარტყა.
ის “პირველებთან“ მასზე ძალადობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ დაკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ, თუმცა თავად აპირებს საჩივრის შეტანას.
ეს ადამიანი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა, გვაჩვენებდა უხამს ჟესტებს, ურტყამდა ჯგუფურად, დაგებულ ადამიანს, მათ შორის ქალებზე ძალადობდა. ეს ადამიანი რადგან დაფიქსირებული მყავდა მანამდეც, მაშინ როცა, ოცნების ტიტუშკები გადმოვიდნენ შენობის უკანა მხრიდან და შუაში გადმოინაცვლეს, დავინახე, რომ იდგა და მორიგ მომენტს ელოდებოდა, როდის ჩაერთვებოდა კიდევ ერთ ორთაბრძოლაში. მე მივედი პირველად და ყვირილით მოვუწოდე, რომ თავისიანებთან გადასულიყო. როგორც კი დამინახა მისკენ წასული, საბრძოლო პოზიციაში დადგა, წამოიღო ხელი და დამარტყა მარცხენა ლოყაში, ტკივილი წამიერი იყო, წამოვდექი, გავეკიდე, გვინდოდა დაგვეჭირა, მაგრამ პოლიციამ გაგვაცალკევა. არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმის, რომ ყველამ დაინახა, -იხსენებს ის.
8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ.
დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.