კაცი, რომელმაც პოლიციელზე იძალადა, ისევ თავისუფალია
კაცი, რომელმაც ორი დღის წინ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციელზე იძალადა, ისევ თავისუფალია. პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
- ცნობისთვის, "პირველებმა" 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ძალადობის ამსახველი კადრები გაშიფრა, ვიდეოში ჩანს გიორგი შუკვანი, რომელიც შსს-ს თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის პოლიციას არ დაუკავებია.
"პირველების" კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავეს "ტიტუშკები", რომლებმაც 8 სექტემბერს, მოქალაქეების გარდა პოლციიელებზეც იძალადეს, მემანიშვილი ამბობს, რომ "კონკრეტულ ვითარებაში რისი გაკეთებაც შეძლეს, ის გააკეთეს".
მეტიც, მემანიშვილი ირწმუნება, რომ კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების დროს "პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყო"
"პოლიციელზე ხელი არავის არ დაურტყამს. ორივე მხრიდან იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და ბოთლების სროლაც. კადრები ვნახე რა თქმა უნდა, დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ. პოლიცია გუშინ იყო მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის. დაკავება ვერ მოხერხდა. იმ კონკრეტულ ვითარებაში რისი გაკეთებაც შეგვეძლო მაქსიმალური გავაკეთეთ. იმ მომენტში ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რომ ვითარება განმუხტულიყო. ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია", - აცხადებს გოგა მემანიშვილი