სომეხი უფლებადამცველები გიორგი კინოიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართავენ
სომეხი უფლებადამცველები გიორგი კინოიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართავენ - იურისტები "ტვ პირველს" უდასტურებენ, რომ სტრასბურგს ჯარისკაცის რუსეთში ექსტრადირების პროცედურის შეჩერებას სთხოვენ.
- უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე მეშვიდე დღეა წინა საექსტრადაციო პატიმრობაშია. სომხეთის იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ ჯერ მისი საქმის შესწვალა არ დაუწყიათ.
ადვოკატის თქმით, მოთხოვნა გაგზავნილია ასევე სომხეთის გენ. პროკურატურაში და იუსტიციის სამინისტროში.
თუ კინოიანი რუსეთს გადაეცემა ჩნდება რისკები მისი უკანონო დასჯის და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის - აცხადებს უფლებადამცველი.
ჩვენ უკვე გუშინ გავაგზავნეთ მოთხოვნა გენ. პროკურატურაში და იუსტიციის სამინისტროში გიორგი კინოიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგანაც ის უკანონოდ არის დაკავებული რადგანაც განაჩენი არაკანონიერმა ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გამოიტანა. ახლა კი ვმუშაობთ განცხადებაზე, რომელიც გაგზავნილი იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რათა დაუყოვნებლივი ზომები იქნას მიღებული კინოიანის გასათავისუფლებლად, რადგანაც, თუ კინოიანი რუსეთს გადაეცემა ჩნდება რისკები მისი უკანონო დასჯის და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის.
ჩვენ არ მიგვიმართავს საქართველოს საელჩოსთვის, ეს ჩვენი საქმე არ არის. საქართველოს თავად შეუძლია დიპლომატიური კუთხით მოქმედება.
წინსწრებით კი შემიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ არანაირი ექსტრადაცია არ იქნება. სომხეთი ჩვენი აზრით რუსეთს არ გადასცემს საქართველოს მოქალაქეს", - აცხადებს ადვოკატი.
კინოიანის ძმის თქმით, დაკავებულთან ციხეში ადვოკატი ჯერ არ შესულა, რაც შეეხება ქართულ მხარეს, მისი თქმით, გაკეთდა მიმართვა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში.
- 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
- ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
- ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული - იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
- სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
- ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე - რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, - არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.