„1 წლის შვილთან ერთად ველოდები პოლიციას“ - ნიკა ნარსიას 4 პროცესი ერთ დღეს ჩაუნიშნეს
საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ნარსიას ზედიზედ 4 პროცესია ჩანიშნული. საქმე ჯარიმებს ეხება, რომელიც აქტივისტს გზის გადაკეტვისთვის გამოუწერეს.
ნარსია ამბობს, რომ სხდომებს არ დაესწრება და განაჩენებს სახლში დაელოდება. აქტივისტი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ, თუმცა ამბობს, რომ არაფრის ეშინია.
"რუსებმა ვინ უნდა შეაშინონ?!," - ამბობს ნარსია.
ამ დილით მაღაზიაში გავედი და 10 წუთის ინტერვალით დამირეკა 4 მოსამართლის თანაშემწემ და ჩამიშნეს დღესვე ნახევარი საათის ინტერვალით 4 სხვადასხვა სასამართლო. 8 საჩივარი შეუტანიათ, განმეორებითი გადაკეტვა, რომელიც ითვალისწინებს 2 თვით პატიმრობას ან 15 ათას ლარამდე ჯარიმას.
მე მქონდა დაახლოებით ორი კვირის წინ ინფორმაცია, რომ სია ჰქონდათ შსს-ში, რომ აქტიური ადამიანები უნდა დაეკავებინათ სხვადასხვა მუხლებით.
პირველი პრეცედენტია რომ 4 საქმეა ერთ დღეში, 4 მოსამართლე განიხილავს. რა უნდათ, ვიცი ზუსტად. არ ვაპირებ დასწრებას სასამართლოზე და ველოდები სახლში, რა განაჩენს გამოიტანენ. 1 წლის შვილთან ერთად ველოდები პოლიციას. არავის არ ეშინია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ, არ მინდა, რომ 4 ოქტომბრის გამარჯვება გამოვტოვო, თორემ მე არაფერი. ამათ ვინ უნდა შეაშინონ?! რუსებმა ვინ უნდა შეაშინონ?!, - ამბობს ნიკა ნარსია.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლუკა ჭოხონელიძის და შუშანა მაცაბერიძის პროცესები იმართება.
დღეს გაიმართა ანუკი ჩრდილელის და დავით სეხნიაშვილის პროცესებიც. ჩრდილელს 4 ათას ლარიანი, ხოლო სეხნიაშვილს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.