საია-ს თავმჯდომარე: მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა

11.09.25 11:17
საია-ს თავმჯდომარე: მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა

"მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა "- ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ქურდოვანიძე „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის მეგი დიასამიძის დაკავებას.

როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, "დიასამიძის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად,  გასაწმენდი საშუალებების შეძენა". 

მისივე განმარტებით, "დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი".

ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად. 
წინასაარჩვნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე.
პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა (სასტუმრო ,,საქართველო“) სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.
შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა.
შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვებით გამოფენილ საარჩევნო ბანერად. 
რაც შეეხება იმას, კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  სტუდენტი დაკავებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებილი არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს. 
დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.
ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის. თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებიდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში", - წერს ნონა ქურდოვანიძე. 

გუშინ ღამით კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო მოძრაობა "ერთობის" წევრი, მეგი დიასამიძე დააკავეს. 

23 წლის სტუდენტს ნივთის დაზიანების ედავებიან. 

მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დააკვეს (სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება) - ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.