მურთაზი პოლიტიკური პატიმარია, სამართლებრივი საფუძველი მისი დევნის და დაკავების, არ არსებობს- ბექა ბასილაია

11.09.25 21:35
მურთაზი პოლიტიკური პატიმარია, სამართლებრივი საფუძველი  მისი დევნის და დაკავების, არ არსებობს- ბექა ბასილაია

მურთაზ ზოდელავა მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ბექა ბასილაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხნედ არის და თავადაც კარგად იცის, რომ მისი დაკავება არის აბსურდული.

ადვოკატის თქმით, “იურიდიულ კაზუისტიკას, მტკიცებულებებს, სისხლის სამართლის კოდექსს და ა.შ. მნიშვნელობა ქვეყანაში დაკარგული აქვს, როდესაც პოლიტიკურ შეკვეთას აქვს ადგილი.“

„მურთაზი მხნედ არის. დაკავების საფუძველი არის აბსურდული და მისი დაკავება ნათლად მეტყველებს, რომ რეჟიმი შეშინებულია. იმით, რომ შიდა რღვევის პროცესი შეინიშნება, ინფორმაციის არა მარტო გაჟონვა, არამედ ინფორმაცია მიედინება და ამის დასტური იყო ის, რაც დღეს განახორციელეს.

იურიდიულ კაზუისტიკას, მტკიცებულებებს, სისხლის სამართლის კოდექსს და ა.შ. მნიშვნელობა ამ ქვეყანაში დაკარგული აქვს, როდესაც პოლიტიკურ შეკვეთას აქვს ადგილი, ის პოლიტიკური პატიმარია და არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მისი დევნისა და დაკავების არ არსებობს.

როდესაც ტელეფონის ფაქტზე საუბრობდა სუს-ის წარმომადგენელი, მაშინ სასაცილო იყო და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ინფორმაციას ვისმენ კიდევ უფრო სასაცილოა. დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ მობილური ტელეფონი ლევანმა გადასცა მურთაზს, დანაშაულია? რაც შეეხება სუს-ის თანამშრომლების დაზიანებას, ეს არის სასაცილო რამ, თუ ამას არწმუნებს იქ მყოფი ოპერი, აქ მყოფ უფროსს, ძალიან ცუდად ყოფილა სუს-ის საქმე. კადრები არსებობს, როდესაც მურთაზი მათ მანქანაში ზის და მათ ეუბნება, რომ -"სანამ ტელეფონს არ დამიბრუნებთ, არ დაგტოვებთ", მურთაზი პირიქით ეუბნება და რომელ წინააღმდეგობასა და პოლიციაზე ძალადობაზეა საუბარი. კადრები გაავრცელეს, როდესაც მურთაზი ვინმეზე ძალადობდა?!"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.