ადვოკატი: მეგი დიასამიძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა იყოს გამოყენებული

12.09.25 11:52
ადვოკატი: მეგი დიასამიძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა იყოს გამოყენებული

არ ვეთანხმებით, რომ მეგი დიასამიძის მიმართ უნდა ყოფილიყო რაიმე ტიპის სისხლის სამართლებრივი წარმოება, - ამის შესახებ მეგი დიასამიძის ადვოატი საუბრობს.საქმე ეხება კახა კალაძის ბანერის დაზიანებას, რის გამოც 23 წლის აქტივისტს 187-ე მუხლით ბრალი წაუყენეს.

ადვოკატის თქმით, საქმე ე.წ. „თეთრი ძაფით შეკერილი“ პროცესების მსგავსია, სადაც არსებობენ ცრუ მოწმეები და მტკიცებულებები, რომლებიც დანაშაულს არ ადასტურებს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმე მთლიანად უნდა შეწყდეს და დიასამიძის წინააღმდეგ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული.

ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ მეგი დიასამიძის მიმართ უნდა ყოფილიყო რაიმე ტიპის სისხლის სამართლებრივი წარმოება, ამაზე წინა დღეებში კარგად ისაუბრეს ექსპერტებმა. აქ შეიძლებოდა, ჩართულიყო მერიის მუნიციპალური სამსახური, საარჩევნო მიზნებისთვის შესაბამისი ორგანო და გუშინ, როცა უკვე ბრალი წარუდგინეს 187 მუხლის პირველი ნაწილით, იქ გამოკვეთეს, რომ ორი ბანერის შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში 190 ლარია ზიანი, ღირებულება იყო, უფრო სწორედ, ბანერის და მეორე ბანერის შემთხვევაში 190 ლარი, რაც საბოლოო ჯამში, 380 ლარის ზიანი დათვალეს. ეს საქმე არ იქნება განსხვავებული ე.წ. თეთრი ძაფით შეკერილი საქმეებისგან. იმიტომ, რომ აქ შეგხვდება ბევრი ცრუ მოწმე, კონფიდენტები და აქ შეგხვდება ისეთი მტკიცებულებები, რომელიც არ ადასტურებს, რომ მეგი დიასამიძეს ჩადენილი აქვს რაიმე ტიპის დანაშაული.

ჩვენ პოზიციაა, რომ საერთოდ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი საქმე მეგის წინააღმდეგ და მითუმეტეს, აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა იყოს გამოყენებული, - ამბობს ადვოკატი. 

23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.  

ახალგაზრდა აქტივისტს ბრალი უკვე წარედგინა.