შსს-ს ცნობით, მეგი დიასამიძე, გირაოს სანაცვლოდ, რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან

12.09.25 11:59
შსს-ს ცნობით, მეგი დიასამიძე, გირაოს სანაცვლოდ, რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან

შსს-ს ცნობით, პროკურატურა მეგი დიასამიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, - ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, უკვე გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული "ოცნების" პარტაქტივის წევრები, ირაკლი ბუაჩიძე და ზაზა მამალაძე, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, 8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ. სამწუხაროდ, დაზარალებულ აქტივისტებმა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, - განაცხადა დარახველიძემ.

23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.