ანასტასია ზინოვკინამ შიმშილობა გამოაცხადა - “გაათავისუფლონ ანტონ ჩეჩინი და არტიომ გრიბული“
აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ შიმშილობა გამოაცხადა.
როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს- გაათავისუფლონ ანტონ ჩეჩინი და არტიომ გრიბული.
ზინოვკინამ ასევე საზოგადოებას ჩეჩინის დახმარება სთხოვა და მოუწოდა, “არ მისცენ უფლება, ის მოკლან, რადგან მძიმე პრობლემას, სიმსივნეს ებრძვის“.
პატიმრობაში მყოფი ქალი იმასაც ამბობს, რომ მას ზარების განხორციელების უფლება აღარ ეძლევა.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ვთხოვ, დაეხმარონ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც მძიმე პრობლემები აქვს, სიმსივნე თავში. ვეჭვობ, რომ მედიცინა აქ მას დაეხმარება. მაგრამ ამ მომენტისთვის ისეთ ანტისანიტარიაში იმყოფება, რომ მისი ჯანმრთელობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. ნუ მისცემთ საშუალებას, რომ მოკლან.
9 თვის განმავლობაში, ბევრ რამეზე ვიფიქრე. მაგალითად, რა არის ჩემთვის თავისუფლებაზე და სიცოცხლეზე ძვირფასი. საკუთარ თავისუფლებაზე და სიცოცხლეზე ძვირფასი არის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება, სიყვარული, რევოლუცია. წინააღმდეგობა ყველაზე დიდი სიკეთეა. მე ვიცი, რომ არსებობს სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა. მე ვირჩევ შიმშილობას ახლა.
მე მტკივა ზურგი, მაგრამ არ ვიცი ქართული და არ ვარ დარწმუნებული, შევძლებ ჩემი პოზიციისა და ხმის მიწვდენას გარეთ. წერილებით ან სიტყვებით.
უკვე შემიზღუდეს ზარები. ორი თვის განმავლობაში, გაურკვეველი მიზეზებით რუსეთში დარეკვა ვერ შევძელი და საქართველოში ყველა ზარი წყდებოდა. ეს პრობლემა მარტო მე მქონდა.
ხანდახან ხელ-ფეხი მერთმევა. ასეთ დროს წერაც არ შემიძლია. ხანდახან ჩემი წერილებიც იკარგება. ხანდახან ვწერ, მერე ველაპარაკები და აღმოჩნდება, რომ ეს წერილები მათთან არ მისულა.
რას უშვრებიან ამ წერილებს. მე პირდაპირი ვარ, ჩემს წერილებს ალბათ ვერ უძლებენ.
მინდა, მხარი დავუჭირო სხვა პატიმრებს. მივესალმები გიორგი ახობაძეს. ნიკა კაციას, თედო აბრამოვს.
გაიხარეთ თავისუფლებით. შესანიშნავი მომენტი იყო ეს. მთელი ციხე ვხარობდით, ფანჯრიდან ერთმანეთს ვუყვიროდით. ერთმანეთს ვულოცავდით. შეიძლება ითქვას, უკვე სამჯერ გამოვედი თავისუფლებაზე.
ვაცხადებ შიმშილობას პატარა მოთხოვნით: გაათავისუფლეთ ანტონ ჩეჩინი და არტიომ გრიბული",- განაცხადა ზინოვკინამ პროცესზე.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მომზადებულია “ნეტგაზეთის“ მიხედვით.