სუსი: ვიკვლევთ, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის აქციას შორის
სუს-ი ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოში ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის საქმეს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს 4 ოქტომბრის არჩევნებთან და ამ დღეს დაგეგმილ აქციასთან. ამის შესახებ სუსის წარმომადგენელმა საგანგებო ბფირინგზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი „ჰექსოგენი“, რომელიც სატვირთო მანქანით სარფის გამშვები პუნქტიდან შემოიტანეს. სუს-ის განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილად თბილისის, ავლაბრის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ფიქსირდება.
გამოძიების ვერსიით, ნივთიერება უკრაინაში მძღოლს იქაური სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს. დაკავებულის ჩვენებაში სხვა ვერსიაც ფიქსირდება – თითქოს ასაფეთქებელი რუსეთში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა სუს-ის თქმით, საქართველოში არსებული მასალებით, საბოლოო სამიზნედ კვლავ თბილისი რჩება.
„როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, - განაცხადა მაღრაძემ.