რატომ დაასწრო შსს-მ პროკურატურას იმის თქმა, რა შუამდგომლობით წარსდგებოდა მეგი დიასამიძის პროცესზე - რას ამბობს საქმის პროკურორი
რატომ დაასწრო შსს-მ პროკურატურას იმის დაანონსება, თუ რას გეგმავდა და რა შუამდგომლობით წარსდგებოდა მეგი დიასამიძის პროცესზე - საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ვერ პასუხობს კითხვას, რატომ განაცხადა შს მინსიტრის მოადგილემ ბევრად ადრე, რომ მეგი დიასამიძის წინააღმდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით, სწორედ გირაოს მოთხოვდნენ.
პროკურორს არც იმ კითხვაზე აქვს პასუხი, რატომ გაუთანაბრა დარახველიძემ ორი საქმე ერთმანეთს - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებისთვის ბრალის არ წარდგენა და მათი გათავისუფლება და 23 წლის სტუდენტი გოგოსთვის კი გირაოს გამოყენება.
სხვა სისხლის სამართლის საქმე, ამ საქმესთან შემხებლობაში არ არის, აქედან გამომდიანრე, ვერაფერს გეტყვით. მე არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, გარდა იმ გარემოებისა, რომ მე შევაფასე საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს ბანერი დანიშნულებისამებრ ვეღარ გამოიყენება, მისი აღდგენა არის შეუძლებელი, ექსპერტმა შეაფასა და დაადგინა, რომ ბანერზე რაიმეს ჩაკერება და შეკეთება შეუძლებელია, - განაცხადა პროკურორმა ნინო ჟვანიამ.
საქალაქო სასამართლოში მეგი დიასამიძის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ბანერის დაზიანებაში ბრალდებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვოს.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ 2 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას და იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა განაჩენის დადგომამდე არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არ მიიმალოს და არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია“ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.