მეგი დიასამიძის პირველი კომენტარი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ
კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურორმა საპატიმრო გირაოს შეფარდება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ საპატიმრო გირაო არ დააკმაყოფილა.
მეგი დიასამიძე ამბობს, რომ გადაიხდის თუ არა გირაოს, ჯერ არ იცის და ამ საკითხს ადვოკატებთან შეათანხმებს.
მან დაკავების დეტალები ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა:
გირაოს გადავიხდი თუ არა, ამას ადვოკატთან შევათანხმებ, მათთან გავივლი კონსულტაციას და ყველაფერი ისე მოხდება. როდესაც უშუალოდ ადვოკატები ვნახე დარბაზში, იქ მითხრეს შოთამ და მარიამმა-გირაოს ითხოვს პროკურატურაო. როცა გირაო მოითხოვეს, გავთავისუფლდებოდი თუ არა, არ მქონდა ინფორმაცია დ შესაბამისად, მოლოდინებიც არ მქონია. საპატრულომ როცა გამაჩერა და გამომ ძიებლები მოვიდნენ, მითხრეს, ო, რა ხანია გაკვირდებით, თურმე ვინ ყოფილხარო, შემდეგ ორის საათის განმავლობაში, ერთმანეთს შორის საუბრობდნენ, შემდეგ ოქმი შეადგინეს და განყოფილებაში წავედით, როცა იქ მოვითხოვე კატეგიორულად, დავუკავშირდით ვინმეს, ან მე დამარეკინეთ ადვოკატთანთქო, გამომძიებელმა, გეგა ზარანდიამ მითხრა, რომ 3 საათი შეგვიძლია, არ დაგარეკინოთო, რაც ყოფილა ტყუილი და შემეძლო, მათთან დაკავშირება. ისეთ ფაქტს მედავებოდნენ, რაც არც კი გამიკეთებია, მთელი გზა ბორკილები მქონდა უკან და თურმე ყოფილა შესაძლებლობა, რომ ბორკილები მანქანაში საერთოდ არ მქონოდა. ვუთხარი, ხომ არ გავიქცევი მომხსნენით მეთქი, მაგრამ იმ კაცმა თავიდანვე განაცხადა, თუ მოითხოვა მოხსნა, არ გააკეთოთო, - ამბობს მეგი დიასამიძე.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სამართლებრივი დევნა საერთოდ უნდა შეწყვეტილიყო დიასამიძეზე, თუმცა, ამბობენ, რომ ეს არის შურისძიება ახალგაზრდების მიმართ.
23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.