4 ოქტომბერს ყველა გარეთ უნდა იყოს და ხაბეს ეს ყოვლად უსაფუძვლო გატაცებაც წყალში უნდა ჩაეყაროთ- რეზო კიკნაძე

12.09.25 17:57
4 ოქტომბერს ყველა გარეთ უნდა იყოს და ხაბეს ეს ყოვლად უსაფუძვლო გატაცებაც წყალში უნდა ჩაეყაროთ- რეზო კიკნაძე

4 ოქტომბერს ყველა გარეთ უნდა იყოს და ხაბეს ეს ყოვლად უსაფუძვლო გატაცებაც წყალში უნდა ჩაეყაროთ, - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს და ლევან ხაბეიშვილს და მეგი დიასამიძეს სოლიდარობას უცხადებს.

სინდისის პატიმარი მიიჩნევს, რომ “როდესაც “ოცნება“ გიჭერს, უკვე უნდა გიხაროდეს, ანუ რაღაცას სწორედ აკეთებ.“

ჯერ მთელი თვე წინაა, მე კიდე უკვე სალაპარაკო ლიმიტი მეწურება და ყოველდღე ვამბობ ხოლმე — ხვალ აღარ დავრეკავ, მაგრამ ყოველ წუთში ისეთი აბსურდები ხდება, რანაირად არ დავრეკო? სულ დაწერა მინდება ყველაფერზე. ჯერ მეგის და მერე ხაბეს უსაფუძვლო დაჭერა — ხელის მოწერა იყო იმაზე: ჩვენ რასაც გვინდა იმას ვიზამთ;ვინც გააპროტესტებს,ყველას დავიჭერთ,ისე რომ მიზეზიც არ გვინდა და ფეხებსაც ვერ მოგვჭამთო.მოდით,მართლა ნუ შევარჩენთ ამდენს და 4-ში ვაჩვენოთ, რომ ფეხებს კი არა - მთლიანადაც შევჭამთ ყოველი მსგავსი უკანონობის შემდეგ.

4 ოქტომბერს ყველა გარეთ უნდა იყოს და ხაბეს ეს ყოვლად უსაფუძვლო გატაცებაც წყალში უნდა ჩაეყაროთ.

პოლიტიკური დაპირების გამო ვინმეს დაუჭერია აქამდე პოლიტიკოსი? ან ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადება - ქრთამთან რა შუაში იყო? ქრთამი მე ვიცი ჩუმად თან გადაცემული. საუბარზეც გვიჭერენ,ანუ: ხმაც არ ამოიღოთო,გაჩუმდით, პირში წყალი ჩაიგუბეთო - და ესეც უნდა შერჩეთ?ან ზოდელავას რა შეუთითხნეს - თქვენ მაინც მიხვდით? მე ვერა. ვინმეს მართლა სჯერა ეს უფანტაზიო ტყუილები?

მოკლედ, სოლიდარობა ორივეს. ესენი თუ გიჭერენ - უკვე უნდა გიხაროდეს, ანუ რაღაცას სწორედ აკეთებ. ჩემი ოცნებაა, ყველგან ყოველთვის იმდენი ვიყოთ, ერთმანეთს არ ვატანდეთ დასაჭერად, თუნდაც სახლიდან და პოლიცია რაც მოუნდება იმას ვერ ბედავდეს.ისე მაინც კარგად შეკერეთ საქმეები - თქვენივე ამომრჩეველმა არ თქვას „ამაგ შიგ ჰომ არ აქვთო?“ თქვენზე. ანუ ამით თავადვე დაამტკიცეს, რომ ხებეიშვილი იმდენად სუფთაა - დიდი ხანი ვქექეთ,მაგრამ საერთო ვერაფერი ვუპოვეთ და ეს ზღაპარი მოვუგონეთო.

ისე ჰო ყველა აშკარად ხედავს - ლელოელებიც რომ გამოუშვეს არჩევნებზე გასვლის გამო და ვინც ამ არჩევნებად წოდებულ მასკარადს ემიჯნება, ყველას ციხეში ჩაყარეს. აბა,მამუკა ისევ უნდა დაადებილო ბიძინასავით შენი ხალხი თუ აღიარო, რომ ქოცებს აწყობთ,გახვიდეთ ამ სისულელეზე. ერთობა კი დაგარღვევინათ და ქვეყნის თვალში სამასხარაოდ გაგხადათ - უკვე მთელი პარტია, ფაქტია.

ისე, დაპირება თუ დანაშაულია, მაშინ შეუსრულებელი დაპირება ხომ უფრო დიდი დანაშაულია და ბიძინა პირველ რიგში უნდა იყოს დაჭერილი. თუ ხაბეს ამ მუხლით იჭერთ, ბიძო რანაირადაა გარეთ? ხმის სანაცვლოდ გაცემული, ფულადი თუ სიტყვიერი ქრთამები - მისი მოგონილია.

P.S. ხაბეს ის ინტერვიუ ლაივში მოვისმინე და მაშინვე არ მომეწონა ეგ ნაწილი;ოღონდ განა იმიტომ, რომ ერთი წამით მაინც წარმოვიდგენდი, ამის გამო დაიჭერდნენ - უბრალოდ ჩემთვის ყველა სპეცრაზმელმა და პოლიციელმა უნდა აგოს პასუხი, რაც ჩაიდინა. თან არც მათი გამოსწორების მჯერა და თან ერთი ,,კარგი" ნაბიჯი იქამდე გადადგმულ ათ ცუდ ნაბიჯს ვერ გადაფარავს. თან ეს „კარგიც“, თუ ფულის გამო გადადგმულია - კარგი აღარ გამოდის,- წერს კიკნაძე.

მსგავსი სიახლეები