დაკავებული უკრაინის მოქალაქის ადვოკატი: 4 ოქტომბერთან კავშირზე საუბარი არ არის - ბრალდებული 8 წელია გადამტან კომპანიაში მუშაობს

12.09.25 20:30
დაკავებული უკრაინის მოქალაქის ადვოკატი: 4 ოქტომბერთან კავშირზე საუბარი არ არის - ბრალდებული 8 წელია გადამტან კომპანიაში მუშაობს

ფეთქებადი ნივთიერების საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, უკრაინის მოქალაქე მიხაილ სკრუპსკი, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი დალი ბარბაქაძე აცხადებს.

ბარბაქაძის თქმით, დაცვის ქვეშ მყოფი პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომ მისი ავტომობილიდან ნივთიერება ამოიღეს:

ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს მიხაილ სკრუპსკის ედავებიან სსსკ 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს საბაჟო წესების დარღვევით შემოტანას და ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანას,“ – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი უარყოფს კავშირს 4 ოქტომბრის აქციასთან:

„ამასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავის ჩვენებაში არაფერი უთქვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვარაუდებია. თუ უშიშროების სამსახურს რამე ინფორმაცია აქვს, მე ამაზე წვდომა არ მაქვს. ჩვენებიდან შემიძლია ვთქვა, რომ 4 ოქტომბერზე საუბარი არ არის.“

მისივე თქმით, სკრუპსკის ჩვენებით, მას ორი ყუთი გადასცეს მაღალჩინოსნებმა, შიგთავსის ცოდნის გარეშე. ბრალდებული ამბობს, რომ მხოლოდ მოქალაქეობრივი მოვალეობის გამო დათანხმდა.

ბარბაქაძე განმარტავს, რომ სკრუპსკის ერთადერთი დავალება ბათუმში ყუთების გადაცემა იყო, რის შემდეგაც ის დააკავეს. მისი თქმით, ბრალდებული 8 წელია გადამტან კომპანიაში მუშაობს და რეგულარულად ჩამოდიოდა საქართველოში.

მსგავსი სიახლეები