დაკავებული უკრაინის მოქალაქე: "საგამოძიებო იზოლატორში ჩემი დაკითხვა არაოფიციალური იყო, დანაშაულის აღიარებას მაიძულებდნენ"
საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით ნივთიერების შემოტანის საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე, დენის შურავლოვი, ამბობს, რომ 11 სექტემბერს მას ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩატარებული დაკითხვა არაოფიციალური იყო. მისი თქმით, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
გუშინ, 11 სექტემბერს, ვიყავი ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში. გამომიძახეს დაკითხვაზე. ეს დაკითხვა იყო არაოფიციალური. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ თბილისიდან. დაკითხვის მიზანი იყო ის, რომ ვაღიარო დანაშაული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაიძულეს დამელია წყალი, რაზეც უარი ვთქვი.
ერთ-ერთმა თანამშრომელმა დალია წყალი, იმის საჩვენებლად, რომ არ იყო საწამლავი. შემდეგ მითხრა დალიეო და მეც იძულებული ვიყავი, დამელია.
მე არ ვიცი გამოძიების მიმდინარეობა. მაქვს ვარაუდი, რომ იყო მეორადი დათვალიერება სასტუმროს ნომრის, რომელიც მდებარეობს ბათუმში, აეროპორტის ქუჩაზე, სასტუმრო “ბ25”, ოთახი 207. თუ იყო განმეორებითი ჩხრეკა, ვვარაუდობ, რომ ეს მოხდა ჩემი დაკითხვის შემდეგ. ვვარაუდობ, რომ ამ ჭიქაში იპოვეს ნარკოტიკული საშუალება. ჭიქა იყო ერთჯერადი,“ – აცხადებს ბრალდებული.
შურავლოვი დაკავების დეტალებზეც საუბრობს და ოფიციალურ ოქმში დაფიქსირებულ დროს მცდარს უწოდებს.
„დღეს გავეცანი დაკავების ოქმს. უარი მითხრეს ასლის მოცემაზე, რადგან ქართულ ენაზე იყო. მაგრამ შევძელი გამერკვია, რომ დამაკავეს ბათუმში 17:15, რაც არ არის სიმართლე. მე დამაკავეს სარფის ხიდთან, სადაც არის ბათუმის ნაგავსაყრელი. პოლიციის ორმა თანამშრომელმა, ეს იყო დაახლოებით 12 საათზე. მე დავამტკიცებ იმას, რომ დაკავება მოხდა 12 საათზე,“ – განაცხადა დენის შურავლოვმა.
ჰექსოგენის საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
2025 წლის 10 სექტემბერს სუსმა დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ 2.4 კგ „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანა საბაჟო წესების დარღვევით. ჩხრეკისას ამოღებულია მობილურები, კომპიუტერი, ფული, სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“. უკვე 12 სექტემბერს სუსმა დაანონსა ვერსია, რომ დაკავებულთა საქმე შესაძლოა 4 ოქტომბრის არჩევნებსა და ამ დღეს დაგეგმილ აქციასთან იყოს დაკავშირებული. ერთ-ერთი ბრალდებული, მიხაილ სკრუპსკი, ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მისი ადვოკატი უარყოფს საქმესთან 4 ოქტომბრის კავშირს.