რუსული დრონების გამო რუმინეთმა და პოლონეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწიეს

14.09.25 10:35
რუსული დრონების გამო რუმინეთმა და პოლონეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწიეს

13 სექტემბრის საღამოს პოლონეთმა კვლავ აამოქმედა სამხედრო ავიაცია რუსეთის დრონების საფრთხის გამო. როგორც Polsat News იტყობინება, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებიც პოლონეთს ესაზღვრება, რუსული დრონები გამოჩნდა. სწორედ ამის გამო პოლონეთის სამხედრო ავიაციამ პრევენციული ოპერაციები დაიწყო ქვეყნის საჰაერო სივრცეშიც. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ დრონები პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

დრონების საფრთხის გამო ლუბლინის აეროპორტი და მისი გარშემო კონტროლირებადი საჰაერო ზონა დროებით დაიხურა. სამოქალაქო თვითმფრინავებს ფრენა ორი საათის განმავლობაში შეწყდა.

სიტუაციას სოციალურ ქსელ X-ში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა:

რუსეთის დრონების საფრთხის გამო, რომლებიც უკრაინაში ჩვენი საზღვრის სიახლოვეს მოქმედებენ, პოლონეთისა და მოკავშირე ქვეყნების საჰაერო ძალებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრევენციული ოპერაციები დაიწყეს. სახმელეთო საზენიტო თავდაცვის სისტემები უმაღლეს მზადყოფნაშია.

ამავდროულად, რუმინეთის ჩრდილოეთში გამოცხადდა განგაში რუსეთის დრონების ნამსხვრევების შესაძლო ჩამოვარდნის საფრთხის გამო. როგორც digi24 წერს, ტულჩას ოლქის მცხოვრებლებმა, რომელიც უკრაინის ოდესის რეგიონს ესაზღვრება, თავიანთ სმარტფონებზე მიიღეს ციდან მომდინარე საფრთხის შესახებ საგანგებო შეტყობინება.

Antena 3 CNN-ის ინფორმაციით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი ჰაერში აიწია რუმინეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის.

ამავე დროს, სამხედრო ოპერატიული შტაბი ცდილობს მოსახლეობის დამშვიდებას და აცხადებს, რომ რუმინეთის ტერიტორია რუსეთის დრონების სამიზნე არ არის.

მოგვიანებით გამოცემა Antena 3 CNN-მა განაცხადა, რომ რუმინეთის გამანადგურებლებმა „რუსული უპილოტო აპარატი შენიშნეს რუმინეთის ტერიტორიაზე და მას აედევნენ. 

 

მსგავსი სიახლეები