ე.წ პირბადეების საქმე - ლელა ცისკარიშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარე და GCRT-ის დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ე.წ. პირბადეების საქმის ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულთა ჯარიმების გადახდას ეხებოდა:
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”, მას შემდეგ, რაც დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, იხდის აქციებში მონაწილე მშვიდობიანი მანიფესტანტების ადმინისტრაციულ ჯარიმებს... სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა”, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერა ლეგიტიმური საქმიანობაა და ძალადობას არ უკავშირდება:
„ძალადობა ვნახეთ, როდესაც აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ასი დაზარალებული პროკურატურის მიერ ცნობილი და არცერთი დამნაშავე არ გვინახავს. ეს საქმეები გამოიძიოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, მათ შორის ISFED-ის, IDFI-ისა და „საფარის“. უწყება ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებს აქციებისთვის აღჭურვილობის შეძენასა და დაკავებულების იურიდიულ დახმარებაში.
გამოძიება „ქართული ოცნების“ პროკურატურაში 2025 წლის თებერვალში დაიწყო და ეხება საბოტაჟსა და „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“.