"აბსურდული ბრალდებაა" - ე.წ. პირბადეების საქმეზე სასამართლოში ეკა გიგაური იკითხება

17.09.25 15:41
"აბსურდული ბრალდებაა" - ე.წ. პირბადეების საქმეზე სასამართლოში ეკა გიგაური იკითხება

„პირბადეების საქმის“ ფარგლებში სასამართლოში გამოკითხვების სერია გრძელდება. ცოტა ხნის წინ გამომძიებლებს კითხვებს პასუხობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

პროკურატურის ინტერესის საგანს ორგანიზაციის დაფინანსება და მისი კავშირი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებთან წარმოადგენს.

გამოკითხვაზე შესვლამდე ეკა გიგაურმა საქმეს "აბსურდული" უწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას მომიტინგეებისთვის პირბადეებიც კი არ შეუძენია. 

გიგაური დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მიზანს მესამე სექტორის გაჩუმება და დაშინება წარმოადგენს. 

ჩვენი ორგანიზაცია არ არის დაყადაღებული და მეტსაც გეტყვით, ის პირბადეებიც კი არ შეგვიძენია, რაზეც საუბრობს პროკურატურა. თავისთავად ის, რომ პირბადის შეძენით შეიძლება, რაღაც დაუშავო სახელმწიფოს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსურდი და ჩვენს შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი აბსურდია, იმიტომ, რომ პირბადეც კი, როგორც გითხარით, არ შეგვიძენია.

ვნახოთ, ყველა კითხვაზე გვექნება პასუხი, მაგრამ ჩვენი შეფასება არის ის, რომა ამას აკეთებენ იმისთვის, რომ შეგვაშინონ, იმისთვის, რომ გავჩერდეთ, არ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და არ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ამბობს ეკა გიგაური. 

 

შეგახსენებთ, პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, მათ შორის ISFED-ის, IDFI-ისა და „საფარის“. უწყება ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებს აქციებისთვის აღჭურვილობის შეძენასა და დაკავებულების იურიდიულ დახმარებაში.

გამოძიება „ქართული ოცნების“ პროკურატურაში 2025 წლის თებერვალში დაიწყო და ეხება საბოტაჟსა და „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“.