ფულის გათეთრების საქმე - კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს
625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი, კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
ედიშერ ქარჩავას განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება.
ამ ეტაპზე ჩვენ ვირჩევთ დუმილის უფლებას. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი. რამდენად შემხებლობაშია მტკიცებულებები ბრალდებასთან, ამას გავარკვევთ, დრო სჭირდება რა თქმა უნდა. ამასთან, ვაპირებთ შემდგომში, ჯერ აღკვეთის ღონისძიების განხილვა მიმდინარეობს ჯერ, ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა დოზით, როგორ წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა.
თავს არ ცნობს ამ ეტაპზე დამნაშავედ. რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ სასამართლოს..." - განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჯერ არ დაწყებულა.
ცნობისთვის, "პირველებმა" დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია "ფინის" 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.