კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

17.09.25 20:10
კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორი, ზინოკო ქობალიას განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ამოღებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად უპრეცედენტო ოდენობის თანხა გაათეთრა, რამაც ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ინტერესებს.

მისივე თქმით, დაახლოებით 58 მილიარდი რუბლის გათეთრება 2022-2024 წლებში უწყვეტად ხორციელდებოდა, პროცესი კი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით იწყებოდა, შემდეგ თანხა გადამხურდავებელ ჯიხურებში ხვდებოდა და ბოლოს კომერციულ ბანკებში ირიცხებოდა.

პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ადვოკატ ედიშერ ქარჩავას თქმით, კოტორაშვილი შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო დანაშაულებრივ სქემაში ჩართული და პრობლემა კანონმდებლობისა და ბანკების სისტემურ ხარვეზებში უნდა მოიძებნოს.

კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. 

მომდევნო სხდომა 10 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, კომპანია "ფინის" 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.