"ქართუ" TV პირველის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში საჩივრის განხილვა იწყება

18.09.25 13:44
"ქართუ" TV პირველის  წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში საჩივრის განხილვა იწყება

"ქართუ ბანკი" TV პირველის წინააღმდეგ - სასამართლოში საჩივრის განხილვა იწყება. საქმეს მოსამართლე ზვიად ესებუა განიხილავს. 

ბრალდების მხარეს სადავოდ სასამართლოში მიტანილი აქვს 2025 წლის პირველ მაისს "ტვ პირველზე" გასული სიუჟეტი, სადაც "ქართუ ბანკი" მოხსენიებულია, როგორც "ივანიშვილის ბანკი". სიუჟეტში კი მოყვანილია შეფასებები, რომელსაც ექსპეტები ტელეკომპანიის ეთერში აკეთებდნენ. 

ამ გარემოების მიუხედავად,  "ქართუ ბანკმა" გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო დავა მაინც დაეწყო "ტვ პირველის" წინააღმდეგ. "ქართუ ბანკი" ითხოვს, "ტვ პირველმა" ბანკი ივანიშვილის ბანკად აღარ მოიხსენიოს.

"ტვ პირველის" იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, აღნიშნული სარჩელი, ისევე როგორც წინა ორი სარჩელი "ქართუ ბანკის" მხრიდან,  ემსახურება "ტვ პირველის მიმართ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

მთავარი საკითხი არის, ბანკის აზრით ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა. განცხადებები კი გამოიყურება ისე, რომ "ქართუ ბანკი" არ უნდა მოვიხსენიოთ ბიძინა ივანიშვილის ბანკად, ოლიგარქის ბანკად და ასევე არ უნდა მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე ბანკი, თუმცა, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის, რომ ჟურნალისტმა ეს ყველაფერი გააკეთა შეფასების ფარგლებში და ასევე აღნიშნულია მასში, რომ ოფიციალურად ეს ბანკი აღარ ეკუთვნის ოლიგარქს. აქედან გამომდინარე, სადავო საკითხები საერთოდ რატომ მოვიდა სასამართლომდე ცოტა გაურკვეველი არის. ვნახოთ, დღეს პოზიციას წარმოადგენს მოსარჩელე მხარე, პრიველი პროცესია და დასაბუთებული პოზიცია ჩვენთვის კარგად არ არის ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ ისევე როგორც გასული ორი სარჩელი "ქართუ ბანკის" მხრიდან, ესეც ემსახურება "ტვ პირველის მიმართ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას" და იმას, რომ თუნდაც შეფასებები და სამართლიანი კომენტარები არ გააკეთონ ჟურნალისტებმა "ქართუ ბანკის" ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით", - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

სასარჩელო მოთხოვნაში ბანკი ირწმუნება, მათ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი  "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები