"ვიბრძვით სამართლიანობისთვის" - ქეთათო პოპიაშვილი პროევროპულ მსვლელობას უერთდება
უწყვეტი პროტესტის მე-300-ე დღეს ქუჩაში რიგით მოქალაქეებთან ერთად ხელოვანებიც გადიან. მომღერალი ქეთათო პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში არიან გამოკეტილები, პროტესტში არმონაწილეობა დანაშაულია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და საპატიმროებში უდანაშაულო აქტივისტების ნაცვლად ის ადამიანები შევიდნენ, ვისაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეალურად დანაშაული მიუძღვის.
ეს პროტესტი რომ არა, საერთოდ, თითოეულ ადამიანს სინდისთან უნდა ჰქონდეს პრობლემა ამ ქვეყანაში ვინც ვცხოვრობთ. ეს ადამიანები რომ არა თავისი არნახული თავდადებით, საერთოდ უნდა გვრცხვენოდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება, იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში. მე მრცხვენია ამ რეალობაში ყოფნის და რომ არა ის პატიმრები, საერთოდ სინდის-ნამუს გარეცხილი ერი ვართ, ასე მგონია. პირველ ყოვლისა, ვიბრძვით სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ გაშუქდეს სიმართლე, იმისთვის, რომ ვინც არ არის ციხეში ჩასაჯდომი, უნდა გამოუშვან და ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც უნდა შევიდეს ციხეში, იმიტომ, რომ დანაშაული მიუძღვის ძალიან ბევრი თანამოქალაქის მიმართ. სამართლიანობას ვითხოვთ, მეტი არაფერს, - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.
დაკავებების, სისხლიანი დარბევების და რეპრესიების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში პროტესტი ვერ გააჩერა. "ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" -ამ სლოგანით მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში დადგებიან. შეკრება 19:00 საათზე სიმბოლურად 300 არაგველის მონუმენტან დაიწყება. მოქალაქეები ტრადიციულად მსვლელობით ქვყენის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან.