პროტესტის 300 დღე აჩვენებს, რომ არც ამის შემდეგ გავჩერდებით - სანდრო ცხადაძე

23.09.25 15:32
პროტესტის 300 დღე აჩვენებს, რომ არც ამის შემდეგ გავჩერდებით - სანდრო ცხადაძე

პროტესტის 300 დღე იმის მაჩვენებელია, რომ სადაც აქამდე არ გავჩერდებით, არც ამის მერე გავჩერდებით, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა საუბრობს. სანდრო ცხადაძე პირდაპირ ამბობს, რომ მათ უკან დასახევი გზა არ დარჩათ და ამიტომ, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ბრძოლას არ შეწყვეტენ. 

პირველ რიგში, იმის ჩვენება გვინდა, რომ რაც პროგნოზი ჰქონდათ კობახიძეს და მის ძმებს, რომ თითქოს 20 იანვრამდე არ მივიდოდა ჯერ პროტესტი და მერე ბიძინას დაბადების დღემდე და მერე აღდგომამდე და ა.შ., ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ჩვენ ისევ იქ ვართ, რამდენიც არ უნდა დააკავონ, რამდენიც არ უნდა გვატერორონ, რამდენი ტროლი და ბოტიც არ უნდა მოგვისიონ, ოჯახის წევრებს ურეკონ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და მივიყვანთ ამას ბოლომდე. ეს 300 დღეც იმის მაჩვენებელია, რომ სადაც აქამდე არ გავჩერდებით, არც ამის მერე გავჩერდებით როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა. 

დაკავებების, სისხლიანი დარბევების და რეპრესიების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ"  ქვეყანაში  პროტესტი ვერ გააჩერა. "ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" -ამ სლოგანით  მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში დადგებიან. შეკრება 19:00 საათზე სიმბოლურად 300 არაგველის მონუმენტან დაიწყება. მოქალაქეები ტრადიციულად მსვლელობით ქვყენის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან.   

მსგავსი სიახლეები