ცნობილია თანხის ოდენობა, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა

24.09.25 15:01
ცნობილია თანხის ოდენობა, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს დაკავებისას თან 17 000 ათასი ლარი ჰქონდა - პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე, სანამ სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდებოდა, ერთ-ერთმა მოწმემ, დამკავებელმა გამომძიებელმა განაცხადა. 

ვეფხვაძის განცხადებით, დღეს ასევე გამოკვლეულ იქნა, სასტუმრო "ამბასადორის" ვიდეო/კამერები, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ გელა უძილაური თებერვლის თვეში, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხა, მათ შორის გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ დააკავა გელა უძილაური, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა 17 000 ათასი ლარი. ასევე, გამოიკითხა ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს ერთის მხრივ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალის იდენტურობა და მონაწილე პირების ხმის იდენტურობის საკითხი. გარკვეული გარემოებების გამო, რომელიც ჩვენთვის უცნობია, შეწყდა პროცესი, თუმცა ბრალდების მხარეს კიდევ ჰყავს მოწმეები მოყვანილი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე, რომელთანაც ბევრი კითხვები აქვს ბრალდების მხარეს. ასევე გამოკვლეულ იქნა, სასტუმრო "ამბასადორის" ვიდეო/კამერები, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ გელა უძილაური თებერვლის თვეში, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.