ფაქტობრივად, დღეს ბორკილები დაადეს გრიგოლ ლილუაშვილს - დავით მჟავანაძე
ფაქტობრივად, უნდა მივიჩნიოთ, რომ დღეს ბორკილები დაადეს გრიგოლ ლილუაშვილს, - ასე ეხმიანება ოპოზიცია ვანის საკრებულოს დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის გარემოცვის დაკავებას. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ პაიკიძე ლილუაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო გარემოცვის წარმომადგენელია და მისი დაკავება "ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირების პირდაპირი გამოვლინებაა.
მისი თქმით, საქმე გვაქვს არა კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან, არამედ კლანურ ბრძოლასთან, რომლის მიზანიც ძალაუფლების გადანაწილებაა.
სუსმა დღეს დაიჭირა ბიჭიკო პაიკაძე, რომელიც არის ვანის საკრებულოს დეპუტატი, გრიგოლ ლილუაშვილის ნათელ-მირონი და ძალიან მსხვილი ბიზნესმენი, რომლის კომპანიებსაც 100 მლნ ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული წლების განმავლობაში. ეს არის კაცი, რომელმაც 2014 წელს მათ შორის ააფეთქა საყდრისი ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისთვის ბენეფიტების მისაღებად. ეს იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა უდიდესი გავლენა როგორც ვანის მუნიციპალიტეტში, ასევე მტლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონში. ფაქტობრივად, ჩვენ უნდა მივიჩნიოთ, რომ დღეს ბორკილები დაადეს გრიგოლ ლილუაშვილს ხელზე, იმდენად ახლო გარემოცვის წევრი დააკავეს. ეს არის პირველი გამოვლინება იმ შიდა დაპირისპირებისა, რაც "ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს, როგორიც იყო, მაგალითად, ბურჭულაძის დაკავება, როგორიც იყო მიქაუტაძს დაკავება და ა.შ. ამის გაგრძელებაა და ეს არის მწვავე და ღრმა კრიზისის გამოვლინება, რა დროსაც ივანიშვილმა დაიწყო შურისძიება მის უახლოეს წევრებზე და მისი უახლოესი გარემოცვის წევრებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების სიმყარე განაპირობეს, - ამბობს დავით მჟავანაძე.
2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.
ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.