"პროკურატურამ [ფონდის ჩამრიცხველებისგან] გამოარჩია 2 გვარი: ბაჩიაშვილი და გილაური" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"პროკურატურამ [ფონდის ჩამრიცხველებისგან] გამოარჩია მხოლოდ 2 გვარი: ბაჩიაშვილი და გილაური" - ნანუკა ჟორჟოლიანმა პროკურატურაში გამომძიებლის კითხვებს უპასუხა.
ტელეწამყვანის ცნობით, გამომძიებელს აინტერესებდა რა მიზნით ჩარიცხეს ფული "ნანუკას ფონდში" გიორგი ბაჩიაშვილმა და ნიკა გილაურმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხვის დოკუმენტში მიზნობრიობა მითითებული იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით ინფორმაცია, რომელმა ბიზნესმენმა რისთვის ჩარიცხა ფონდში ფული საჯაროა.
ვიყავი მისული წესდებით, რომ პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ყველა გადარიცხვა ითვალისწინებს იმ ნორმას, რასაც უშვებდა წესდება, რის უფლებასაც წესდება მაძლევდა, ეს ერთი.
მეორე, თქვენ იცით, რომ ფონდში არის ძალიან ბევრი, ალბათ ათი ათასობით ჩარიცხვა, დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათი ათასობით ლარით და ემიგრანტები და ასე შემდეგ, ბიზნესმენები, საბანკო სექტორი და ძაან ბევრი ჩამრიცხველი ჰყავდა, მაგრამ პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი: ეს იყო ბაჩიაშვილი და გილაური. პროკურატურას აინტერესებდა ბაჩიაშვილის და გილაურის თანხა რისთვის იყო, მიუხედავად რომ იქ მიზნობრიობა იყო და რაში დაიხარჯა ეს თანხა. პასუხი გავეცი და ვუთხარი კიდევაც, რომ გილაურთან დაკავშირებით, დღეს, დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან, "ქართულ ოცნებას" უფრო შეუძლია ინფორმაცია მომაწოდოს, ვიდრე მე მას მივაწოდო ინფორმაცია. ამიტომ ეს შეკითხვა ჩავთვალე, რომ ჩემთან არ იყო და დაესვათ ნიკა გილაურისთვის. თუმცა საჯარო იყო რატომ ჩარიცხა ორივე ადამიანმა და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა სხვა ბიზნესმენმა ჩვენ ფონდში ფული," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, გამომძიებელს არ სურდა, რომ სიმართლე მოესმინა, შედეგად "რაღაცებს აკლებდა ხოლმე" და აქედან გამომდინარე დაკითხვა მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში.
არ იყო ისეთი კითხვები, რომელზეც მაგალითად არ იყო რაიმე პასუხი გაცემული. ყველა კითხვაზე იყო პასუხი სრულად გაცემული, მაგრამ გამომძიებელს არ სურდა, რომ ეს სიმართლე მოესმინა და რაღაცებს აკლებდა ხოლმე და აქედან გამომდინარე დაკითხვა მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში, დაძაბულ ვითარებაში. საბოლოოდ ის სიმართლე დაიწერა, რა სიმართლეც იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით..." - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
განახლება: გამოკითხვის დასრულების შემდეგ, პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბრალდების მხარეს აქვს "მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს"
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ფონდი ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს და, ასევე, აქციების პერიოდში შეიძინა აირწინაღები, ჩაფხუტები და პიროტექნიკა.
“როგორც იცით, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებდით საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის 1 –ელი ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის თვის ჩათვლით “ნანუკას ფონდს” ჯარიმებში და პატიმრებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის დახარჯული აქვს 150 000 ლარზე მეტი. ასევე, პიროტექნიკის, ჩაფხუტებისა და აირწინაღების შეძენაში, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა კითხვები და მივიღეთ ის პასუხები, რაც მან მოგვცა.
ის (ნანუკა ჟორჟოლიანი) ნამდვილად “საბოტაჟის საქმის” ფარგლებში იქნა გამოკითხული და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ამ ძალადობრივ აქციებს. ახლა რაში გამოიხატა ეს მატერიალური მხარდაჭერა - როდესაც აქციებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ეს უკვე ხდება ნოემბრის თვიდან, სამართალდარღვევების წახალისებაში ფონდიდან დაიხარჯა 150 ათას ლარზე მეტი და ასევე, ისეთი ნივთების შეძენაში, როგორიც არის პიროტექნიკა, ჩაფხუტები და აირწინაღები, რაშიც დახარჯული არის 600 ათას ლარზე მეტი.
უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენ მტკიცებულებებით დადასტურებული გვაქვს, რომ შეძენილი აირწინაღები, პიროტექნიკა და ჩაფხუტები პირდაპირ სამარშრუტო ტაქსით მიტანილი იქნა აქციებზე, აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - როდესაც ფონდის გაცხადებული მიზანი არის საქველმოქმედო, რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც პირდაპირ აქციაზე მიიტანეს?” , - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით ე.წ. პირბადეების საქმეზე დაიბარეს. საქმე სოლიდარობის ფონდებს ეხება, როდესაც დარბეულ და სპეცრაზმის მერ ნაცემ ხალხს ეხმარებოდნენ.