გიორგი ჩიკვაიძე სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე ეტლით მიიყვანეს

25.09.25 12:52
გიორგი ჩიკვაიძე სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე ეტლით მიიყვანეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მსჯავრდებულები სასამართლო სხდომას ესწრებიან. 

გიორგი ჩიკვაიძე პროცესზე ეტლით მიიყვანეს, თუმცა მან პატიმრებისთვის განკუთვნილ ადგილას განთავსება მოითხოვა, სადაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების დახმარებით შეიყვანეს. 

ღირსეულად მომეპყარით. მე ამ ეტლში, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამსვეს და დიაგნოზიც არ მაქვს. კეთილი ინებონ და შესაბამისად მომექცნენ," - განაცხადა ჩიკვაიძემ. (Ipn.ge)

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში პროცესი "ელთ ბილდინგის" საჩივარს ეხება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულებმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითურად მიითვისეს. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიკვაიძეს 9 წლით, ხოლო პაპიაშვილის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქმეს პაატა სილაგაძის ხელმძღვანელობით, მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 23 სექტემბერს დაიწყო.

  • ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. ბიზნესმენს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

[ფოტო: არქივი]