ბიუჯეტიდან ₾4.1 მილიონის მითვისების საქმე - კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი დუმილის უფლებას იყენებს
ბიუჯეტიდან ₾4.1 მილიონის მითვისების საქმე - კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, რომელსაც ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა, დუმილის უფლებას იყენებს.
ამის შესახებ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა.
გვაზავამ მედიასთან თქვა, რომ გარკვეული სახის სადავო ქმედებები განხორციელებულია ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უფლებამოსილი პირი გახდებოდა.
„ბრალდების წარდგენის შემდეგ ჩვენება არ დაფიქსირებული, ვინაიდან იყენებს კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლება. ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 6 ნოემბერს, შესაბამისად ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, შესაბამის დაწესებულებასთან გაფორმებულია 2020 წლის 19 დეკემბერს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დირექტორის პოზიციას იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული სახის ქმედებები განხორციელებულია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გახდებოდა უფლებამოსილი პირი.
სამუშაოები ჩაბარებულია კეთილსინდისიერად, რიცხობრივად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც დადგენილი იყო სახელმწიფო შესყიდვის პირობებში“, - განაცხადა გვაზავამ.
ბრალს არ აღიარებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი გიორგი კვახაძე. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, თამაზ კვახაძემ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ბრალს არ ვაღიარებთ. სამწუხაროა, რომ ჩემს გარეშე მისცა ჩვენება. საერთოდ არანაირი შემხებლობა თანხებთან არ აქვს, საქმის მასალებს გავეცნობი და შემდეგ მეცოდინება დეტალები.
ბრალის ფორმულირების მიხედვით, თითქოს, შეთანხმებით მოქმედებდა რაღაც ჯგუფი. საუბარია იმაზე, ქვა-ღორღი, რაც ქუთაისიდან რაჭის რეგიონში უნდა ჩამოეტანათ, ის თითქოს, უფრო ახლოდან, რაჭიდან მოჰქონდათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ვალდებულება გააჩნდა და არც მიუწვდებოდა ხელი, საიდან მოდიოდა ეს ქვა-ღორღი.
აქ არის სანახავი, ვის რა უფლება-მოვალეობები ჰქონდა და ამის მიხედვით შევაფასებთ იყო მისი ბრალეული ქმედება თუ არ იყო. საერთოდ არაფერი შემხებლობა თანხებთან არ აქვს. საზედამხედველო ბარათის ხელმომწერია“, - განაცხადა კვახაძემ.
საქმე ეხება 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებას.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის საქართველოში არ იმყოფება.
"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, დაკითხვაზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის ცოლიც დაიბარეს. იმ დროისთვის, ბიჭიკო პაიკიძეს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა. ბიჭო პაიკიძემ, სავარაუდოდ, საქართველო თურქეთის გავლით დატოვა.