ჩიკვაიძის სკანდალური ჩვენება: "გაბიტაშვილი 6-ჯერ შეხვდა ფარცხალაძეს, შეხვედრებს ესწრებოდნენ ძმები მიქაძეები"

25.09.25 16:12
ჩიკვაიძის სკანდალური ჩვენება: "გაბიტაშვილი 6-ჯერ შეხვდა ფარცხალაძეს, შეხვედრებს ესწრებოდნენ ძმები მიქაძეები"

 

 

გიორგი ჩიკვაიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და სუს-ის ახალ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, გამოიძიოს, რატომ შეხვდა ყოფილი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტის დასაწყისამდე 6-ჯერ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს.

როგორც დაკავებული ჩიკვაიძე აღნიშნავს, ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ ძმები დავით და გიორგი მიქაძეები და ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო რამიშვილი. 

ბიზნესმენმა მდინარაძეს განსასჯელის სკამიდან მიმართა, კითხვები დაუსვას შალვა ბედოიძესაც [შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე], რადგან გაირკვეს, "რა ალკოჰოლი და სიგარეტი გავიდა საქართველოდან ფარცხალაძის და ბედოიძის ჩართულობით". 

ეს ყველაფერი არ არის, სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენმა ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის  ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის თარიღი ახსენა და თქვა: "11 მარტს მაკავებენ აბსურდული ბრალდებით, 14 მარტს ხდება ჭავჭავაძის ინციდენტი". 

გიორგი ჩიკვაიძემ ვრცელ სიტყვაში დეტალურად ისაუბრა  ე.წ. ქოლ ცენტრების სკანდალზე და იმაზე თუ როგორ მოხვდა მის ხელში FBI-ს მაღალჩინოსნების დოსიეები, რომელსაც ბიზნესმენის მტკიცებით თბილისში ფარცხალაძესა და ФСБ-სდავალებით სოსო რამიშვილის ქოლ ცენტრებში ამუშავებდნენ. 

დაკავებულის განცხადებით, სანამ დააკავებდნენ, მან ამ სქემაზე საუბარი ტელეეთერში დაიწყო, რასაც მისივე თქმით, კონკრეტული "შემოთვლები" მოჰყვა, საბოლოოდ კი, 11 მარტს "აბსურდული ბრალდებით" დააკავეს. 

ბატონი გაბიტაშვილი-გენპროკურორი 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის იანვარი, თებერვალი, მარტის დასაწყისამდე 6-ჯერ შეხვდა ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, მისამართებს მივუთითებ მერე სად და როგორ. მერე გამოძიება შეეცდება ამოიღონ ტელეფონების და ანძების ჩანაწერები. იგივე შეხვედრებს ესწრებოდნენ ძმები მიქაძეები და სოსო რამიშვილი. 

მინდა, რომ მამუკა მდინარეს სარფიანი რჩევა მივცე - ერთი, გამოკითხოს ბატონი ბედოიძე და გაირკვეს რა ალკოჰოლი და სიგარეტი გავიდა საქართველოდან ფარცხალაძის და ბედოიძის ჩართულობით, გაირკვეს ეს კავშირები გაბიტაშვილსა და ფარცხალაძეს შორის და გაირკვეს ქოლ ცენტრების კავშირები ფარცხალაძესა და სოსო რამიშვილს შორის. 

აი ამ ტრასების გავლით მოხვდა ჩემ ხელში FBI-ს მაღალჩინოსნების დოსიეები, რომელსაც ამუშავებდნენ ფარცხალაძესა და ФСБ-ს და დავალებით ბატონი სოსო რამიშვილის ქოლ ცენტრებში. აქედან მოხვდა ჩემ ხელში ეს FBI -ის მაღალჩინოსნების დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც გადავეცი ამერიკის საელჩოს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, FBI-ის საგამოძიებო ცენტრალურ ოფისს და ჰელსინკის კომისიას. 

ამის შემდეგ დაიწყო სანქციები ბიძინა ივანიშვილის. გამოძიება მიმდინარეობს და თქვენ ნახავთ სრულიად საქართველო რამდენი ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილე პირი გვყავს საქართველოში. 

ახლა რას უკავშირდება ჩემი უეცარი დაკავება:  იმდენად კარგად ვმუშაობდი, რომ მათ დიდი ხანი არ ჰქონდათ ინფორმაცია მე რა ინფორმაციაც მქონდა მათზე, რომ როდესაც ერთ ოპერაციაში მომივიდა დიდი ჩეპე რითიც ისინი მიხვდნენ თუ რასთან მქონდა წვდომა, გადაწყვიტეს ჩემი უეცარი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ მოვასწრებდი მასალების მიცემას ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოებისთვის. 

"TV პირველში" ჩემ დაკავებამდე, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია როგორ ხვდებოდა ფარცხალაძე ძმებ მიქაძეებს და გაბიტაშვილს დავიწყე გაბიტაშვილის მოხსენიება, როგორც გენ პროკურორი და ამ ქვეყანაში არსებული სუპერკრიმინალები. პირველივე ეთერის მერე ჩემთან გაჩნდნენ უცნობი ადამიანები, რომლებმაც მითხრეს, რომ ამ კრიმინალებს ძალიან არ მოსწონთ ჩემი და გაბიტაშვილის მათთან ერთად ხსენება. ეს ხდება 9 მარტს. რაც გინდა დაუძახა ოღონდ ჩემთან ერთად ნუ ახსენებს. ამის მერე იწყება ჩემი დევნა და თვალთვალი. 11 მარტს მაკავებენ აბსურდული ბრალდებით 14 მარტს ხდება ჭავჭავაძის ინციდენტი. ეხლა მითხარით არის თუ არა კავშირი ამ ყველაფერში ფარცხალაძის და სუპერკრიმინალების," - განაცხადა ჩიკვაიძემ. 

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ ე.წ. ქოლ ცენტრების სკანდალზე ციხიდან "შაბათის ეთერთან" ისაუბრა. როგორც დაკავებული ბიზნესმენი ამბობს, დედაქალაქში რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო ოფისებია გახსნილი. 

ჩიკვაიძის მტკიცებით, რუსული სპეცსამსახურების დავალება FBI-ის მაღალჩინოსნების "დავერბოვკება" იყო. ბიზნესმენის თქმით, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საელჩოს, იმის შესახებაც თუ საიდან მოხდა რუსული ე.წ. ქოლ ცენტრების ოფისებში ამერიკის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების დოსიეები. 

იხილეთ ასევე: