TV იმედის გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს

26.09.25 14:56
TV იმედის გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი საბა ხვიჩია და ოპერატორი კიშინევის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს და საბოლოოდ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

ჟურნალისტები მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. მათი თქმით, აეროპორტში ხუთსაათიანი დაყოვნების შემდეგ ისინი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს, ჩამოართვეს პასპორტები და დოკუმენტები, შეუზღუდეს გადაადგილება და არ მისცეს ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა.

ოფიციალურად, მათ უთხრეს, რომ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, ფინანსური უზრუნველყოფისა და ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა „იმედის კვირის“ განცხადებით, ეს ინფორმაცია სიცრუეა და ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდათ.

„ეს არის დემოკრატიის მოლდოვური სტანდარტი, როცა ჟურნალისტურ საქმიანობას ხელს უშლიან,“ – ნათქვამია „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.